ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი 2020 წლიდან დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშაა. ლონდონმა როდრიგესს სანქციები ვენესუელაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხის გამო დაუწესა. ამის შესახებ Sky News იუწყება.
Sky News-მა დაადასტურა, რომ დიდმა ბრიტანეთმა მას სანქციები 2020 წელს დაუწესა და ის სანქციების სიაში ამ დრომდე რჩება.
„არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი ქმედებები საპრეზიდენტო კომისიაში და მოგვიანებით, დამფუძნებელი კრების პრეზიდენტის რანგში, ძირს უთხრიდა დემოკრატიას და კანონის უზენაესობას ვენესუელაში, მათ შორის ეროვნული კრების უფლებამოსილებების უზურპაციით და მათი გამოყენებით ოპოზიციაზე თავდასხმისა და პოლიტიკურ პროცესში მისი მონაწილეობის ხელის შეშლის მიზნით“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც გამოცემა აქვეყნებს.
საუბარია ფინანსურ სანქციებზე, კერძოდ, აქტივების გაყინვაზე.
სიაში ასევე შედიან მადუროს მთავრობის სხვა წევრები და მისი მემკვიდრეები. თავად ვენესუელის ყოფილი ლიდერი სანქციების სიაში არ არის.