ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ვიცე-პრემიერად დანიშნა, სპორტის მინისტრის თანამდებობა კი შეინარჩუნა.
კადიროვმა ანალოგიუად დააწინაურა ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის მინისტრო ახმედ დუდაევი.
რამზან კადიროვის თქმით, აღნიშნული ცვლილებები მთავრობის მეთაურის, მაგომედ დაუდოვის წინადადებით მოხდა.
კადიროვმა ახალი დანიშვნების შესახებ თავის Telegram არხზე განაცხადა და მათ „მცირე საკადრო ცვლილებები“ უწოდა.
კადიროვმა არ დააკონკრეტა, დაკავშირებული იყო თუ არა მისი შვილის დანიშვნა ჩეჩნეთის ლიდერის ჯანმრთელობის გაუარესებასთან. ახალი წლის ღამეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კადიროვი მოსკოვში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა.
ახმატ კადიროვის გარდა, ჩეჩნეთის მთავრობაში რეგიონის ლიდერის კიდევ რამდენიმე ნათესავი მუშაობს.
რამზან კადიროვის ქალიშვილი, ხადიჯათი, 24 წლის ასაკში ჩეჩნეთის მეთაურისა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
18 წლის ასაკში ახმატ კადიროვი გახდა ჩეჩნეთის სპორტის მინისტრის მოადგილე და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ასევე „ახმატის“ საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი.
კადიროვის კიდევ ერთი ვაჟი, ადამ კადიროვი, 16 წლის ასაკში მამის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და შეიხ მანსურის ბატალიონის კურატორი გახდა, შემდეგ კი რამზან კადიროვმა ის გუდერმეშში, ვლადიმირ პუტინის სახელობის რუსული სპეცრაზმის უნივერსიტეტის კურატორად დანიშნა.
საერთო ჯამში, კადიროვის ოჯახის დაახლოებით 100 წევრი დაკავშირებულია მთავრობასთან, რაც მას რუსეთში ოჯახის ყველაზე გავლენიან წევრად აქცევს. რუსული გამოცემა „პროექტის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეორე ადგილზეა, მისი 20-ზე მეტი ნათესავი მაღალ თანამდებობებს იკავებს.