4 იანვარს ევროკავშირმა ვენესუელის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც 27 ქვეყნიდან 26-მა დაუჭირა მხარი. უნგრეთი მათ შორის არ იყო.
განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის სახელით გავრცელდა.
ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შემდეგ ევროკავშირი მოუწოდებს „ყველა მხარეს სიმშვიდესა და თავშეკავებისკენ, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებაში, აღნიშნულია, რომ „ვენესუელის ხალხის უფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი, პატივისცემით უნდა იყოს დაცული“.
„ვენესუელის ხალხის ნების პატივისცემა რჩება ერთადერთ გზად ვენესუელისთვის, რომ აღადგინოს დემოკრატია და მოაგვაროს მიმდინარე კრიზისი“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ შეერთებულ შტატებთან, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მხარი დავუჭიროთ და ხელი შევუწყოთ დიალოგს ყველა ჩართულ მხარესთან, რაც გამოიწვევს კრიზისის მოლაპარაკებით, დემოკრატიულ, ინკლუზიურ და მშვიდობიან გადაწყვეტას, რომელსაც ვენესუელელები ხელმძღვანელობენ", - აღნიშნულია განცხადებაში.