4 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც აღსრულდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება 95 ფიზიკური და 70 იურიდიული პირის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ, რომელთა უმეტესობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და რეზიდენტია.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სანქციები დაეკისრათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის სახელმწიფო თავდაცვის კონტრაქტების მომსახურებასთან და მის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის საქმიანობასთან.
საუბარია საწარმოებსა და მათ ხელმძღვანელებზე, რომლებიც აწარმოებენ და აწვდიან პროდუქტებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ძალოვანი სტრუქტურებისთვის კომუნიკაციების, ელექტრონული ომისა და მიკროელექტრონიკის სფეროებში.
შეზღუდვები ასევე დაწესდა ქიმიური, სამთო და მეტალურგიული მრეწველობის სამრეწველო საწარმოების, ასევე რუსეთის საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის წინააღმდეგ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინა გააგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას სანქციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შესაბამის იურისდიქციებში სინქრონიზაციის მიზნით. დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შესაძლოა გაითვალისწინონ ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტის შემუშავებისას, რომელიც ამჟამად მზადდება.