უკრაინა მზადაა, გაიყვანოს ჯარები არსებული შეხების ხაზიდან დემილიტარიზებული ზონის შესაქმნელად, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთიც იგივეს გააკეთებს.
Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ ევროპელ ლიდერებს 27 დეკემბერს გამართული სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა.
გამოცემის წყაროების ცნობით, უკრაინის ლიდერს სურს, რომ დასავლეთმა უკრაინას სანაცვლოდ საიმედო უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, რუსეთის მიერ დარღვევების შემთხვევაში მოკავშირეთა ქმედებების მკაფიო გეგმასთან ერთად.
გარდა ამისა, ზელენსკიმ ევროპელებს სამშვიდობო გეგმის სხვა პუნქტებიც გააცნო:
• თავდაცვის ძალების სტაბილური დაფინანსება;
• მოკავშირეთა დახმარება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში, მათ შორის ევროპული ჯარების ადგილზე ყოფნა;
• ტერიტორიებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები შეიძლება მიღებულ იქნას მხოლოდ რეფერენდუმის შემდეგ, რისთვისაც ასევე უნდა იყოს უზრუნველყოფილი აუცილებელი უსაფრთხოების პირობები;
• ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური საერთაშორისო კონტროლის ქვეშ უნდა იქნას აყვანილი და მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია თავისუფალ და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის უნდა განაწილდეს.
წყაროების ცნობით, ზელენსკიმ ევროპელებთან საუბრისას აღიარა, რომ არ ელის, რომ მოსკოვი დათანხმდება უკრაინის მიერ შეთავაზებულ გეგმას და შესაბამისად, სურს, რომ აშშ-მა გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე.