უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროპელ ლიდერებს, კანადის პრემიერ-მინისტრსა და ნატო-ს წარმომადგენლებს შორის სატელეფონო საუბრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები მთავარ საკითხს წარმოადგენს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„საუბრის ყველა მონაწილე (მათ ასევე შეუერთდნენ სკანდინავიის, კანადის, ნიდერლანდების და ნატო-ს წარმომადგენლები) შეთანხმდა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, კონკრეტული და საიმედოა. ასეთი გარანტიები პოლონეთისთვისაც უფრო მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს. ხვალ, [დღეს] აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის შემდეგ, ჩვენ საუბარს დავუბრუნდებით“, - წერს ტუსკი Х-ზე.
თავის მხრივ, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის წინა დღეს ევროპელ ლიდერებთან ზელენსკის საუბარს წარმატებულად უწოდა.
„ერთად ვმუშაობთ სამართლიანი და მდგრადი სამშვიდობო შეთანხმებისთვის“, - დაწერა სტუბმა Х-ზე.
ამავდროულად, გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ზელენსკისთან საუბრისას ევროპისა და კანადის 11 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურმა, ასევე ნატო-ს და ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინას სრული მხარდაჭერა აღუთქვეს და ხაზი გაუსვეს შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობისადმი ერთგულებას უკრაინაში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად.