ღამით და დილით უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა ვლადიმირ პუტინის რეალური პასუხია ომის დასრულების წინადადებებზე, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიომ რუსეთის ქმედებებს ნამდვილად ძლიერი ნაბიჯებით უნდა უპასუხოს, აშშ-სა და ევროპას ასეთი შესაძლებლობა აქვთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ცოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკი უკრაინაზე რუსეთის მასირებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
„სად არის რუსეთის პასუხი ომის დასრულების შესახებ შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს მიერ წამოყენებულ წინადადებებზე? რუსეთის წარმომადგენლები ხანგრძლივ საუბრებს აწარმოებენ, სინამდვილეში კი მათი სახელით „კინჟალები“ და „შაჰედები“ ლაპარაკობენ. ეს არის პუტინისა და მისი გარემოცვის რეალური დამოკიდებულება.
მათ არ სურთ ომის დასრულება და ცდილობენ გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რათა უკრაინას მეტი ტკივილი მიაყენონ და მსოფლიოში სხვებზე ზეწოლა გააძლიერონ“, - წერს ზელენსკი Telegram-ზე.
ზელენსკის თქმით, ეს ნიშნავს, რომ საპასუხო ზეწოლა მცირეა.
„თუ რუსეთი შობა-ახალ წელსაც კი დანგრეული სახლების, დამწვარი ბინების და განადგურებული ელექტროსადგურების დროდ აქცევს, მაშინ ამ ავადმყოფურ ქმედებებზე რეაგირება მხოლოდ ჭეშმარიტად ძლიერი ნაბიჯებით იქნება შესაძლებელი. ამერიკას აქვს ეს შესაძლებლობა, ევროპას აქვს ეს შესაძლებლობა, ჩვენს ბევრ პარტნიორს აქვს ეს შესაძლებლობა
და ასევე მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ უკრაინის თავდაცვის, ჩვენი სიცოცხლის დაცვის მხარდაჭერა.
საჰაერო თავდაცვის მარაგი საკმარისი და დროული უნდა იყოს, განსაკუთრებით ახლა, როცა ეს გვჭირდება. სიცოცხლის დაცვაში შეფერხებები არ უნდა იყოს. მადლობას ვუხდი ყველა ლიდერს, ყველა ქვეყანას, ვინც ამაში გვეხმარება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევამცირებთ ჩვენს დიპლომატიურ აქტივობას.
თუმცა, დიპლომატია უსაფრთხოების გარეშე ვერ იმუშავებს. უსაფრთხოებაზე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს და ჩვენ დღეს და ხვალ ამ საკითხს ევროპელ ლიდერებთან, კანადის პრემიერ-მინისტრთან და შეერთებული შტატების პრეზიდენტთან განვიხილავთ. მადლობა ყველას, ვინც უკრაინასთანაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.