ჰონდურასის საპრეზიდენტო არჩევნებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილმა პოლიტიკოსმა, ნასრი ასფურამ გაიმარჯვა.
არჩევნების შედეგები არჩევნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გამოქვეყნდა. ხმების დათვლის პროცესს კი მრავალი ტექნიკური პრობლემა და გაყალბების ბრალდებები ახლდა თან.
ოფიციალური არჩევნების შედეგების თანახმად, კონსერვატიული ნაციონალური პარტიის წარმომადგენელმა ასფურამ ხმების 40.3% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, ცენტრისტული მემარჯვენე ლიბერალური პარტიის კანდიდატმა სალვადორ ნასრალამ ხმების 39.5% მიიღო.
ამგვარად, მათ შორის სხვაობა ერთ პროცენტზე ნაკლები იყო.
„ჰონდურასო, მზად ვარ, გიხელმძღვანელო. არ გაგიცრუებ იმედებს“, - დაწერა ასფურამ Х-ზე.
ნასრალა არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, თუმცა მოქალქეებს გამოსვლებისკენ არ მოუწოდა.
„მე არ მოგიწოდებთ ქუჩაში გასვლისკენ, რადგან ეს დადებით შედეგს არ მოგიტანთ,“ - განაცხადა მან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, „რათა ჰონდურასის ხელისუფლებამ უზრუნველყოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა“.
2013 წელს ასფურა ტეგუსიგალპას მერად აირჩიეს. მან პოპულარობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების წყალობით მოიპოვა.
თუმცა, მის, ისევე როგორც დედაქალაქის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების მიმართ, გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო სახსრების მითვისებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. ასფურა ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ასფურას მხარდაჭერით, ტრამპი ცდილობს გააძლიეროს ლათინურ ამერიკაში კონსერვატიული ლიდერების ჯგუფი, რომელშიც უკვე შედიან სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე და არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი.