23 დეკემბერს, თურქეთში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი და თავდაცვის ძალების სხვა მაღალი რანგის პირები იმყოფებოდნენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ლიბიის პრემიერ-მინისტრ ანდელ ჰამიდ დბეიბას თქმით, ლიბიის არმიის გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ მოჰამედ ალ-ჰადადასთან ერთად, მისი ოთხი თანამებრძოლი დაიღუპა: სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი, სამხედრო წარმოების სამმართველოს დირექტორი, ლიბიის არმიის გენერალური შტაბის უფროსის მრჩეველი და პრესსამსახურის ფოტოგრაფი.
ეკიპაჟი თურქეთის ქალაქ ანკარაში ოფიციალური ვიზიტიდან ბრუნდებოდა.
„ეს დიდი ტრაგედია - დიდი დანაკარგია ერისთვის, სამხედრო უწყებისთვის და მთელი ხალხისთვის, რადგან ჩვენ დავკარგეთ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად და თავდადებით ემსახურებოდნენ სამშობლოს, რომლებიც იყვნენ დისციპლინის, პასუხისმგებლობისა და ეროვნული თავდადების მაგალითი,“ - განაცხადა ლიბიის პრემიერმა.
Reuters-ის ცნობით, ეკიპაჟმა ანკარის ჰაიმანას რაიონის თავზე ფრენისას საგანგებო დაშვება მოითხოვა. თვითმფრინავთან კავშირი აფრენიდან დაახლოებით 40 წუთის შემდეგ დაიკარგა.