5 დღეში ჩატარებული გამოძიებით, გვაინტერესებს, როგორ დაადგინეთ, წყალში გარეულ ნივთიერებას ადამიანის ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი ეფექტი ჰქონდა თუ არ ჰქონდა? , - ამ კითხვით მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატებს გახარიას გუნდის წევრმა გიორგი შერვაშიძემ პარლამენტში. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე დასვა კითხვა, რატომ უნდა ენდოს საზოგადოება სუსის გამოძიებას.
შერვაშიძემ "ქართულ ოცნებას" აქციების დროს ჟურნალისტებზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმებიც გაახსენა, რომლებეც რეაგირება დღემდე არ მომხდარა და იკითხა, რამდენად ჰუმანურ აქტად მიაჩნიათ მომხდარი.
"ირაკლი კობახიძეის ციტატა: „ნივთიერება იყო გარეული, მთავარია იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული.“
დიახ, ბატონი კობახიძის ეს განცხადება, რაც თქვენივე გამოძიებამაც დაადასტურა, უკვე არის დანაშაულის აღიარება, რადგან ვერ მოიყვანთ ვერცერთ სამართლებრივ აქტს, რომლის მიხედვითაც წყლის ჭავლში კანონით დაშვებული სხვა სპეციალური ნივთიერების სახეობები, მათი წყალში გარევის, დოზირებისა და კონცენტრაციის ნორმებია დადგენილი!
BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება საკმარისზე მეტი საფუძველია ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების მოთხოვნის, მით უფრო, როცა თავად აღიარებთ, რომ გამოიყენეთ კონკრეტული ნივთიერება და მისი წყალში შერევით ჩაიდინეთ ქმედება, რაც აკრძალულია საერთაშორისო სამართლით.
და თუ ეს ასე არაა, წარმოადგინეთ სამართლებრივი ნორმა, რომელიც არეგულირებს ქიმიური ნივთიერების წყალში შერევისას მისი დოზირების სტანდარტებს და მოხმარების ინსტრუქციას, რაც მხოლოდ კანონის ზედმიწევნით დაცვით უნდა ხდებოდეს მით უფრო მაშინ, როცა გამოიყენება ათასობით ადამიანის წინააღმდეგ და საფრთხის შემცველია მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.
დრო მოვა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და ყველა პასუხისმგებელი პირი შესაბამისად იქნება დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით.
5 დღეში ჩატარებული ე.წ. გამოძიებით გინდათ წერტილი დაუსვათ საქმეს, რომელიც სამართლიანად აღელვებს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, არა მხოლოდ მათ, ვისაც არ აქვს პასუხი, რა ტიპის ზიანი შეიძლება მიადგეს მათ ჯანმრთელობას გრძელვადიან პერსპექტივაში, არამედ მათ, ვისაც არ სურს, ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მთავრობამ საკუთარი ხალხი შეიძლება ასე გაიმეტოს.
5 დღეში ჩატარებული გამოძიებით, გვაინტერესებს, როგორ დაადგინეთ, წყალში გარეულ ნივთიერებას ადამიანის ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი ეფექტი ჰქონდა თუ არ ჰქონდა? ან რატომ უნდა ენდოს ხალხი თქვენს გამოძიებას მაშინ, როცა იგივე ნოემბერ-დეკემბერში ჩადენილ არცერთ უკანონობაზე რეაგირება საერთოდ არ მოგიხდენიათ? ან რისი თქმა გინდათ, რომ ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული არაადამიანური სისასტიკე იყო პროპორციული და კანონიერი, თუ მაგალითად, ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის სიკვდილისთვის გამეტება იყო ჰუმანური აქტი? თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს კითხვები არის არალეგიტიმური და უკანონო არაფერი ჩაგიდენიათ, მაშინ რატომ გაურბიხართ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას?, - თქვა შერვაშიძემ.