უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი განიხილავს პრეზიდენტის პოსტის დაკავებას, თუ მისი პარტია „ფიდესი“ არჩევნებს წააგებს. ორბანი პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაფართოების მიზნით კანონმდებლობის შეცვლას გეგმავს.
ამის შესახებ იუწყება Bloomberg.
როგორც იუწყებიან, დაბალი რეიტინგების გამო, ორბანი ხელისუფლებაში დარჩენის ვარიანტების შესწავლას იწყებს, მაშინაც კი, თუ „ფიდესი“ 2026 წლის აპრილში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს წააგებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, კერძოდ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, განიხილავს საპრეზიდენტო თანამდებობის დაკავებას (რომელიც ამჟამად ძირითადად ცერემონიალურ ხასიათს ატარებს) და კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას პრეზიდენტის უფლებამოსილებების მნიშვნელოვნად გასაძლიერებლად.
როგორც იუწყებიან, ორბანმა ასეთი გეგმები ნოემბერში თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას გააჟრერა და თქვა, რომ ეს გეგმა „ყოველთვის მაგიდაზეა“.
10 დეკემბერს უნგრეთის პარლამენტმა უკვე დაამტკიცა „ფიდესის“ კანონპროექტი, რომელიც მომავალში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას გაართულებს.
ორბანის პრესსპიკერმა, ზოლტან კოვაჩმა, მოგვიანებით სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ასეთი ჭორები „ჩვეულებრივი მემარცხენე ყალბი ამბავია“.
მაშინაც კი, თუ აპრილის არჩევნებში „ფიდესი“ გაიმარჯვებს, ორბანისთვის მაინც მოსახერხებელი იქნება პრეზიდენტობის თანამდებობაზე გადასვლა და საგარეო პოლიტიკაზე ფოკუსირება.
თუ „ფიდესი“ დამარცხდება, ორბანი, როგორც პრეზიდენტი, შეეცდება ხელი შეუშალოს მის მთავარ მეტოქეს, ოპოზიციური „ტისას“ ლიდერს, პეტერ მადიარს, რადიკალურად შეცვალოს უნგრეთის პოლიტიკა.
ამ სცენარის განსახორციელებლად ორბანს უახლოეს მომავალში მოუწევს მოქმედება - ვიდრე მას ჯერ კიდევ აქვს უმრავლესობა პარლამენტში (რომელიც ირჩევს სახელმწიფოს მეთაურს უნგრეთში).
ეს ასევე ნიშნავს, რომ მოქმედ პრეზიდენტს, ტამაშ შუიოკს, ვადაზე ადრე მოუწევს თანამდებობის დატოვება, რომელზეც ის 2029 წლამდე უნდა დარჩენილიყო.