არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის მიწვევით ჟენევაში იმყოფებოდა, სადაც ის საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მდგომარეობის თაობაზე მოხსენებით გამოვიდა.
"მოხსენება მოიცავდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობის ხელისშემშლელ კონკრეტულ ფაქტებს, რაც აისახება სხვადასხვა ქმედებებში. განსაკუთრებული ყურადღება 2007 წლის 7 ნოემბერს, მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის დროს, სახალხო დამცველის სოზარ სუბარის ცემის ფაქტს დაეთმო, რომელზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. გარდა ამისა, მოყვანილი იყო სხვა, ნაკლებად გახმაურებული ფაქტებიც", - ნათქვამია მუხაშავრიას ორგანიზაციის განცხადებაში.
საკონსულტაციო შეხვედრაში "ჰიუმან რაითს უოჩის", "ემნისტ ინტერნეშნალის", "ოქსფამი"-ს ექსპერტები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ადამიანის უფლებათა დამცველი და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე მონაწილეებმა იმაზეც იმსჯელეს, თუ რა ღონისძიებებს უნდა მიმართოს გაერომ იმისთვის, რომ დაცული იყოს თავად ადამიანის უფლებათა დამცველი და ჰუმანიტარული ორგანიზაციების უფლებები, რათა მათ შეძლონ უფრო ეფექტურად საქმიანობა.
საერთაშორისო ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრაში მონაწილე ქვეყნების მთავრობებმა გააკეთონ დეტალური ანგარიში ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების მდგომარეობისა და უფლებადამცველთა საქმეების შესახებ.
ჟენევის შეხვედრაზე გაკეთებული მოხსენებები საფუძვლად დაედება ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური მომხსენებლის მარგარეტ სეკაგუას 2010 წლის ანგარიშს - "2009 წელს ადამიანის უფლებათა დამცველი და ჰუმანიტარული ორგანიზაციების მდგომარეობის თაობაზე".