გამარჯვებას მოვახერხებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიქნებით ერთად, გავიაზრებთ გეგმას და თითოეული ჩვენი სიტყვით, საქმით ვიქნებით გამარჯვების გეგმის ნაწილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ამ ქვეყნის მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რამხელა გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. თუ არ გავითავისებთ, ჩვენს ყველა სიტყვას და მოქმედებაში არ გავისიგრძეგანებთ, რომ ძალა ერთობაშია და ეს მხოლოდ ლიტონ სიტყვებად დარჩება. მოიგებს ზუსტად ივანიშვილი ისე, როგორც ბოლო 13 წლის განმავლობაში და ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ ქვეყანას, ჩავაბარებთ რუსეთს. რუსქოცური პროპაგანდისტული მედიების გასახარად, ნამდვილად მეტს ვერ ვიტყვი და არ ვიტყვი. თითოეულმა ჩვენგანმა უკიდურესად მაღალი პასუხისმგებლობის განცდით უნდა გავიაზროთ, რომ არა რომელიმე პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიის, რომლებსაც გაუქმებით ემუქრება და რომლებიც უმეტესწილად ციხეში ჰყავს გამომწყვდეული ივანიშვილს, არამედ ქვეყნის გადარჩენისთვის აუცილებელია ერთიანობა
ბევრჯერ მისაუბრია იმაზე, რომ არარეალისტურად მიმაჩნია რაიმე კონკრეტული თარიღის დასახელება როგორც ივანიშვილის დამხობის დღე. ეს წინმსწრებად იცოდე ადამიანმა, ჩემი გადმოსახედიდან, არარეალისტური მოლოდინის შექმნაა, თუმცა ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. თუ ამას გულისხმობს მელია, უნდა გვქონდეს მოკლევადიანი გეგმებიც, შუალედური გეგმებიც, გრძელვადიანი გეგმაც. ყოველი დღე, ყოველი საათი და ყოველი წუთი, სინამდვილეში ყოველი სიტყვა და ჩვენი ყოველი გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს ერთი დიდი, გააზრებული, ერთიანი ბრძოლის შემადგენელი ნაწილი. მერწმუნეთ, ამ შემთხვევაში ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში, პუტინი ვერ გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში, გაიმარჯვებს საქართველო. თუმცა, ამას მოვახერხებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიქნებით ერთად, გავიაზრებთ გეგმას და თითოეული ჩვენი სიტყვით, საქმით ვიქნებით ამ გამარჯვების გეგმის ნაწილი. ეს გამარჯვება ჩვენს ხელთ არის, ხალხის ხელთ არის, მაგრამ ეს უნდა გავიაზროთ და ვიმოქმედოთ, ჩვენი ყველა მოქმედება უნდა იყოს მიმართული ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად“, – განაცხადა ბოკუჩავამ.