საქართველოს, რომელმაც ქართველი ხალხის ძალისხმევით მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, დღეს არანაირი მომავალი ევროკავშირში არ აქვს. ეს არის სწორედ ივანიშვილის რუსული რეჟიმის მოქმედებების, ნაბიჯების, ანტიდასავლური, ანტიევროპული პოლიტიკის შედეგი, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად, ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. იყო ძალიან მძიმე ბრიფინგები, სადაც ადასტურებენ ორ რამეს, რომივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში, სამწუხაროდ, საქართველო, რომელმაც ქართველი ხალხის ძალისხმევით მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, დღეს არანაირი მომავალი ევროკავშირში არ აქვს. ეს არის სწორედ ივანიშვილის რუსული რეჟიმის მოქმედებების, ნაბიჯების, ანტიდასავლური, ანტიევროპული პოლიტიკის შედეგი. და ასევე, მარტა კოსიმ და კაია კალასმა ღიად ისაუბრეს იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად ატყუებს ქართველ ხალხს ილუზიის შექმნის მიზნით, თითქოსდა, ფორმალურად მაინც საქართველო რჩება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ეს არის ილუზია, ეს არის ტყუილი და სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს, ქართველ ხალხს, რომელსაც ელოდება ევროკავშირი საკუთარ დიდ, პოლიტიკურ, უსაფრთხო ოჯახში, შეუძლია, რომ აღადგინოს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. ევროპული პენსია, ევროპული ხელფასი, ევროპული განათლება, ევროპული კეთილდღეობა, ევროპული უსაფრთხოება შეგვიძლია დავიბრუნოთ და მოვიპოვოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს.
ასევე, რა კონკრეტული შედეგი ექნება ამ უკიდურესად მძიმე ანგარიშს, რომელიც გუშინ მოვისმინეთ - სამწუხაროდ, სწორედ ამ ანგარიშს გამოიყენებს ევროკავშირი უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილებისთვის. იცით, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო გუნდი მრავალი თვის განმავლობაში მუშაობს ძალიან ინტენსიურად იმაზე, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ შეეხოთ საქართველოს მოქალაქეებს და ივანიშვილის რუსული რეჟიმის, ავტოკრატიული ნაბიჯების გამო არ დასანქცირდეს ქართველი ხალხი. ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო იმიტომ, რომ ახლა ევროკავშირი მსჯელობს უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მხოლოდ რეჟიმის წევრების მიმართ. საუბარია, ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, მოძალადეებზე, ცრუ მოწმეებზე, ე.წ. მოსამართლეებზე, პროპაგანდისტებზე, რომლებიც ატყუებენ ქართველ ხალხს და ფინანსურ ბიზნეს ელიტაზე, რომელიც ქართველ ხალხს ძარცვავს და აფინანსებს ივანიშვილის რეპრესიულ რუსულ მანქანას. ეს ანგარიში დაედება საფუძვლად ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევის შედეგად ეს გადაწყვეტილება არ შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს და ევროკავშირი აამოქმედებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმის წევრების მიმართ“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.