ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 1,8 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარების მეხუთე ტრანშის გამოყოფა დაამტკიცა.
როგორც საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, ეს თანხა ასახავს უკრაინის მიერ მეხუთე ტრანშის მისაღებად საჭირო ცხრა ნაბიჯის წარმატებით შესრულებას.
დაფინანსების უპირველესი მიზანია უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობის გაძლიერება და მისი საჯარო ადმინისტრაციის უწყვეტი ფუნქციონირების მხარდაჭერა.
„Ukraine Facility-ის ფარგლებში გამოყოფილი დახმარება მჭიდრო კავშირშია უკრაინის გეგმასთან, რომელიც ასახავს უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სტრატეგიას, ასევე განსაზღვრავს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებთან შესაბამისობაში მყოფი რეფორმების განხორციელების გრაფიკს მომდევნო წლებში“, - აღნიშნულია პრესრელიზში.