აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში „მდგრად მშვიდობას“ „კარგი შანსი აქვს, რომ მუდმივი გახდეს“. თუმცა, აშშ-ის ლიდერმა “ჰამასს” ზომებით დაემუქრა, თუ დაჯგუფება მძევლების ცხედრებს 48 საათის განმავლობაში არ დააბრუნებს. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
„ჩვენ ახლო აღმოსავლეთში ძალიან ძლიერი მშვიდობა გვაქვს და მე მჯერა, რომ მას აქვს კარგი შანსი, მარადიული იყოს.
„ჰამასმა სწრაფად უნდა დაიწყოს დაღუპული მძევლების, მათ შორის ორი ამერიკელის, ცხედრების დაბრუნება, ან ამ დიდ მშვიდობაში ჩართული სხვა ქვეყნები მიიღებენ ზომებს,“ - წერს ტრამპი.
ტრამპმა აღნიშნა, რომ „ჰამასი“ არ აბრუნებს მძევლების ცხედრებს, რომელთა დაბრუნებაც შესაძლებელია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს შესაძლოა დაჯგუფების განიარაღებას უკავშირდებოდეს.
„ვნახოთ, რას მოიმოქმედებენ მომდევნო 48 საათში. მე ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდები,“ - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ „ჰამასის“ ტერორისტებს დახოცავდა, თუ ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმება დაირღვებოდა.
13 ოქტომბერს ტრამპმა და ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დასრულებას ითვალისწინებს.
ხელმოწერა ეგვიპტეში ამ შემთხვევისთვის ორგანიზებულ საერთაშორისო სამიტზე შედგა. ღონისძიებას ევროპელი ლიდერებიც ესწრებოდნენ.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ღაზაში ომი ოფიციალურად დასრულებულად მიაჩნია.
ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ „ჰამასი“ არ დაიცავს სამშვიდობო შეთანხმებას, ის განიხილავს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში სამხედრო მოქმედებების განახლების ნებართვის მინიჭების საკითხს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ცოცხალი მძევლების გათავისუფლების შემდეგ „ჰამასს“ ისრაელისთვის 28 მძევლის ცხედარი უნდა გადაეცა, მათ შორის „ჰამასმა“ ისრაელს რამდენიმე ცხედარი გადასცა.
ამ დროისათვის „ჰამასს“ ისრაელისთვის 15 დაღუპული მძევლის ცხედარი დარჩა გადასაცემი.