ესპანეთის პოლიცია იძიებს პაბლო პიკასოს ნახატის, „ნატურმორტი გიტარით“ გაუჩინარების საქმეს, რომელიც გრანადაში გამოფენაზე უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, თუმცა მას ადგილამდე არ მიუღწევია.
მედიის ცნობით, ხელოვნების ნიმუში მადრიდიდან გრანადაში ტრანსპორტირებისას გაუჩინარდა, სადაც ის ფონდ CajaGranada-ს ახალი გამოფენის ნაწილი უნდა ყოფილიყო.
1921 წელს გუაშითა და ფანქრით შესრულებული ნამუშევარი, მადრიდელ კერძო კოლექციონერს ეკუთვნოდა. ნახატი 600 ათას ევროდ იყო დაზღვეული.
ნახატი მადრიდიდან გამოფენაზე სხვა ექსპონატებთან ერთად 3 ოქტომბერს გაგზავნეს.
ფონდის წარმომადგენლების თქმით, ნახატებით დატვირთული ფურგონი გრანადაში იმავე დილით ჩავიდა, ტვირთი გადმოტვირთეს და დაათვალიერეს, რის შემდეგაც მანქანა მადრიდში დაბრუნდა.
ეტიკეტირებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ზოგიერთი ნამუშევრის სრულად იდენტიფიცირება მიღებისას ვერ მოხერხდა.
მხოლოდ ორშაბათს, მისი გახსნის შემდეგ გამოფენის კურატორმა აღმოაჩინა, რომ ნატურმორტი გამქრალ იყო.
ფონდმა ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა ესპანეთის ეროვნულ პოლიციას.
გამოძიება ადწყებულია. ნახატის გაუჩინარების შესახებ კი ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პიკასოს ნახატები კრიმინალური თავდასხმების სამიზნე ხდება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მისი ათობით ნამუშევარი მოიპარეს საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში.
ყველაზე გახმაურებული ქურდობა 2007 წელს მოხდა, როდესაც პარიზში მხატვრის შვილიშვილის სახლიდან 50 მილიონი ევროს ღირებულების ნახატები მოიპარეს.