ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს როცა უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს. ზუსტად ეს მოხდა საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში - კერძოდ ყირიმში 2014 წელს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, თუ შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე შედგება, რუსეთი თავის სიტყვას არასდროს შეასრულებს.
„რუსეთი გახდა მუდმივი დესტაბილიზაციური ძალა და პოტენციური საფრთხე მრავალი ჩვენგანისთვის“, - თქვა მაკრონმა. მისივე თქმით, საკუთარი გადარჩენისთვის პუტინმა უნდა გააგრძელოს ჭამა, ის მტაცებელი მონსტრია ჩვენს კარიბჭესთან“,
„2007-2008 წლიდან პრეზიდენტ პუტინს იშვიათად შეუსრულებია მისი დაპირებები. ის მუდმივად წარმოადგენს დესტაბილიზაციურ ძალას და საკუთარი ძალაუფლების გასაფართოებლად მიისწრაფვის საზღვრების გადახედვისკენ“, – აღნიშნა მაკრონმა.
ამასთან, მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისთვის საჭიროა ორი სახის უსაფრთხოების გარანტია – ძლიერი არმია კიევისთვის და ევროპული ჯარის მხარდაჭერა.
მაკრონი განმარტავს, რომ წინააღმდეგია უკრაინისთვის ნაჩქარევი სამშვიდობო შეთანხმების საიმედო უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.
„მშვიდობა არ უნდა იყოს ნაჩქარევი და ზურგს უნდა უმაგრებდეს მტკიცე გარანტიები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ საწყის წერტილს დავუბრუნდებით“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.