უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესიის სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ რობერტ ფიცომ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა ამ კრიმინალური შემოჭრის ნამდვილი მიზეზები, ასევე აგრესორ სახელმწიფოსთან ფლირტის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას.
რობერტ ფიცომ აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი სამიტის კონტექსტში „სპილოებს“ შორის დავაში უკრაინა „ბალახს“ შეადარა.
„სამწუხაროა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური თავს უფლებას აძლევს, ღიად გამოიყენოს შეურაცხმყოფელი რიტორიკა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ყოველდღიურად გმირულად ებრძვიან რუსულ აგრესიას და მთელი ევროპის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აკავებენ მას საკუთარ მიწაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ რობერტ ფიცოს განცხადებები ეწინააღმდეგება კეთილმეზობლობის, სოლიდარობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებას, რომელსაც სლოვაკი ხალხი უკრაინის მიმართ მთელი ამ ხნის განმავლობაში ავლენდა.
„გაფრთხილებთ, არ გამოიყენოთ არამეგობრული ფოლკლორული ალეგორიები და არ სცადოთ მსგავსი განცხადებებით საკუთარი პარტიის პოლიტიკური რეიტინგის გაზრდა. ეს არის უაზრობა, რომელიც შეურაცხყოფს დაღუპულთა ხსოვნას, მილიონობით უკრაინული ოჯახის ტანჯვას და თავისუფლებისთვის მებრძოლთა თავგანწირვას“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ იმის მიუხედავად თუ როგორ დასრულდება 15 აგვისტოს დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად მაინც უკრაინა დაზარალდება.
„გახსოვთ ძველი აფრიკული სიბრძნე, რომლის გამეორებაც მიყვარს? არ აქვს მნიშვნელობა, სპილოები ჩხუბობენ თუ სექსით არიან დაკავებული, ბალახია ის, ვინც იტანჯება. მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება სპილოების შეხვედრა 15 აგვისტოს, ბალახი დაზარალდება - ამ შემთხვევაში, უკრაინა“, - თქვა ფიცომ.
.