უკრაინამ და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა შეერთებულ შტატებს წარუდგინეს თავიანთი გეგმა, რომელიც ომის დასრულების შესახებ რუსეთთან მომავალი მოლაპარაკებების საფუძველი უნდა გახდეს. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, წინადადება შაბათს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების შეხვედრაზე წარადგინეს.
ამერიკულ მხარეს წარმოადგენდნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი.
როგორც WSJ წერს, კიევისა და მისი მოკავშირეების წინადადება ითვალისწინებს ნებისმიერ სხვა ნაბიჯამდე სავალდებულო ცეცხლის შეწყვეტას და ნებისმიერი „ტერიტორიის გაცვლას“ ორმხრივ საფუძველზე - რაც ნიშნავს, რომ თუ უკრაინა გაიყვანს თავის ჯარებს ზოგიერთი რეგიონიდან, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები სხვა რეგიონებიდან.
„პროცესს სამხედრო მოქმედებების ფონზე ტერიტორიის დათმობით ვერ დაიწყებ“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.
გარდა ამისა, ეს გეგმა ითვალისწინებს, რომ კიევის მიერ ნებისმიერი ტერიტორიული დათმობა უნდა იყოს გამყარებული უსაფრთხოების ურყევი გარანტიებით - კერძოდ, უკრაინის ნატო-ში პოტენციური წევრობით.