ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გეგმავს მთავრობის მხარდაჭერა მოიპოვოს ღაზის სექტორის სრული ანექსიასთან დაკავშირებით, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) და არაერთი გავლენიანი თანამდებობის პირის წინააღმდეგობის მიუხედავად.
მედიის ცნობით, ნეთანიაჰუმ მინისტრებთან დახურულ შეხვედრებზე არაერთხელ გამოიყენა ტერმინი „სექტორის სრული ოკუპაცია“, როდესაც ღაზაში სამხედრო კამპანიის გაფართოებაზე საუბრობდა.
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრებს განუცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად, ის ღაზის სექტორის სრული ოკუპაციის გეგმისთვის კაბინეტის მხარდაჭერის მოპოვებას ეცდება.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნეთანიაჰუმ დაახლოებით სამსაათიანი „შეზღუდული უსაფრთხოების განხილვა“ გამართა, რომლის დროსაც შტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა, „წარადგინა ღაზაში კამპანიის გაგრძელების ვარიანტები“.
ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის სრულ აღებას ეწინააღმდეგებიან, რადგან არმია ვარაუდობს, რომ ჰამასის ინფრასტრუქტურის გაწმენდას შესაძლოა წლები დასჭირდეს.
ამან ასევე შეიძლება საფრთხე შეუქმნას მძევლების სიცოცხლეს, რომლებიც შესაძლოა ჰამასის მებრძოლებმა დახოცონ, თუ ჯარები მიუახლოვდებიან.
„ოპერაციები ჩატარდება იმ ადგილებშიც კი, სადაც მძევლები არიან აყვანილი. თუ შტაბის უფროსი არ დაეთანხმება, ის უნდა გადადგეს“, - დასძინა ოფიციალურმა პირმა, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსზე, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირზე.
ნეთანიაჰუს გეგმას ასევე ეწინააღმდეგებიან საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი, პარტია „შასის“ ლიდერი არიეჰ დერი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ცაჰი ჰანეგბი, „მოსადის“ ხელმძღვანელი დევიდ ბარნეა, „შინ ბეტის“ წარმომადგენელი და გადამდგარი გენერალ-მაიორი ნიცან ალონი, რომელიც შეიარაღებულ ძალებში მძევლების საკითხებზეა პასუხისმგებელი.
გაურკვეველია, ნეთანიაჰუს გეგმა ითვალისწინებს გრძელვადიან ოკუპაციას თუ მოკლევადიან ოპერაციას, რომლის მიზანია ჰამასის განადგურება და ისრაელელი მძევლების გათავისუფლება.
გაერო-მ „ღრმად შემაშფოთებელი“ უწოდა ინფორმაციას ისრაელის მიერ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციების გაფართოების შესახება.
„ამან შესაძლოა, კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს მილიონობით პალესტინელისთვის და კიდევ უფრო მეტად დაემუქროს ღაზაში დარჩენილი მძევლების სიცოცხლეს“, - განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ მიროსლავ იენჩამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
შაბათს, 2 აგვისტოს, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა თელ-ავივში მძევლების ოჯახებს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა მიაღწიოს ყოვლისმომცველ შეთანხმებას მძევლების დაბრუნებისა და ომის დასრულების შესახებ.