ჩვენ წინაშე დგას სერიოზული გამოწვევა - როგორ დავიცვათ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ფინანსური ზეწოლისა და რეპრესიებისგან, რასაც ქართული ხელისუფლება ახორციელებს - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მადლობა ევროპის პარლამენტის ყველა წევრს დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. რასაც დღეს ვაკვირდებით საქართველოში, ძალიან შორს არის იმ სტანდარტებისგან, რასაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ველით.
საქართველოს დემოკრატიული საფუძვლები ყოველდღიურად ზიანდება. „ქართული ოცნების“ რეჟიმმა წამოიწყო ქვეყნის პროევროპული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური რეპრესიები. ბოლო კვირების განმავლობაში დაკავებულია არაერთი ოპოზიციური ლიდერი, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია კი უწყვეტი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ხელისუფლება აგრძელებს ახალი, რეპრესიული კანონების მიღებას საჯარო კონსულტაციების გარეშე.
მთავრობის ეს ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს - რაც თქვენ, სრულიად სამართლიანად, ხაზგასმით აღნიშნეთ თქვენს ანგარიშში. ევროკავშირს აქვს მნიშვნელოვანი როლი - განაგრძოს მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის. კრიზისის დაწყებიდან დღემდე, ევროკომისიამ უკვე მნიშვნელოვნად გააძლიერა ძალისხმევა და ამ ეტაპზე განახორციელებს პროექტებს, რომელთა ჯამური ღირებულება 46 მილიონ ევროს აღემატება. დამატებით, კიდევ 32 მილიონი ევრო მალე ხელმისაწვდომი გახდება, წევრი სახელმწიფოების მიერ დამტკიცების შემდეგ.
ჩვენ წინაშე დგას სერიოზული გამოწვევა - როგორ დავიცვათ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ფინანსური ზეწოლისა და რეპრესიებისგან, რასაც ქართული ხელისუფლება ახორციელებს. ბოლოდროინდელი რეპრესიული კანონები, მათ შორის უცხოური აგენტების შესახებ კანონი, ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში და მაუწყებლობის კანონში, დამაზიანებელ გავლენას ახდენს ევროკავშირის შესაძლებლობაზე, ეფექტიანად გაუწიოს ფინანსური დახმარება ადგილობრივ ორგანიზაციებს.
თუმცა, მინდა მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენ ვრჩებით მტკიცედ მზად, ვიპოვოთ გზები, რათა ჩვენმა მხარდაჭერა უსაფრთხოდ მიაღწიოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამდე და მედიამდე. ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ ანტიევროპული დეზინფორმაციული კამპანიების სერიოზულობას. ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია და შეტევები მიუღებელია.
ამ გამოწვევის საპასუხოდ, ჩვენ ვზრდით კომუნიკაციის ძალისხმევას. დამატებით, კიდევ 7 მილიონი ევრო იქნება გამოყოფილი შემოდგომაზე, წევრი სახელმწიფოების თანხმობის შემდეგ.
ეს თანხა მოხმარდება: საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებას ევროკავშირის შესახებ; საზოგადოების წვდომის გაუმჯობესებას ზუსტ, მრავალფეროვან და სანდო ინფორმაციაზე.
ქართველი ხალხი უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ მომავალს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა და დავანახოთ მათ, რომ ჩვენ გვერდით ვდგავართ.", - განაცხადა კოსმა [ფორმულა]