ალექსი ახვლედიანი არ მიიჩნევს, რომ იარაღი დაუდევრად დატოვა, რადგან საკუთარ სახლში, ჩაკეტილ სივრცეში ჰქონდა, - ამის შესახებ ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კამერებში ყველაფერი ჩანს, მათ შორის ის, თუ როგორ მიდის აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფანჩატურში და გამოაქვს იარაღი.
„ჩვენი პოზიცია ასეთია, ვინაიდან, იარაღი ინახებოდა სპეციალურ ქეისში, დახურულ მდგომარეობაში, ცალკე ოთახში, ფანჩატური ვის როგორ წარმოუდგენია, არ ვიცი, მაგრამ მე რაც მაქვს ნანახი და შემდგომში ალბათ, თქვენთვისაც გახდება ცნობილი სურათების მეშვეობით, ეს არის იზოლირებული, ჩვეულებრივი შენობა, უბრალოდ, შემინულია და იკეტება მისი კარი.
ქეისი ჰქონდა დატოვებული ამ ოთახში და ყველაზე მარტივად შემიძლია აგიხსნათ, რომ არის იქ კამერების ჩანაწერები და ალბათ გასაჯაროვდება და თქვენი თვალით ნახავთ. კამერები აქვს ამოღებული გამოძიებას, სადაც ყველაფერი ნათლად ჩანს ის, რასაც თქვენ გიყვებით. იარაღს ინახავდა სპეციალურ ქეისში, ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომელსაც ატარებდა თან და არ მგონია ახლა, რომ სპეციალური ქეისით ვიღაცა დადიოდეს ახლა სააბაზანოში. დატოვა დახურულ სივრცეში.
არ მიიჩნევს, რომ დაუდევრად დატოვა, იმიტომ, რომ თავის საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დახურულ, ჩაკეტილ სივრცეში აქვს დატოვებული. აღარავინ არ იყო იმ კონკრეტულ შემთხვევაში და ამას ნახავთ კამერებში. შეიძლება, იქ მანამდე იყვნენ სტუმრები, ეს მე არ ვიცი“,- აღნიშნავს ლალი აფციაური.