რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უარყოფს დასავლეთის შიშებს, რომ რუსეთმა შესაძლოა მომავალში ევროპის ქვეყნებს შეუტიოს. ამის შესახებ ლავროვმა უნგრულ გამოცემა Magyar Nemzet-თან ინტერვიუში განაცხადა.
ლავროვს ჰკითხეს დასავლეთში არსებული შეშფოთების შესახებ ვლადიმირ პუტინის მიერ ევროპაში გავლენის აღდგენის შესაძლო გეგმებთან დაკავშირებით, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებით.
„შესაძლოა, მათ, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, რუსეთის გეგმების შესახებ ჩვენზე მეტი იციან. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არაფერი ვიცით „ევროპაზე თავდასხმის“ ან „ევროპაში შეჭრის“ ჩვენი გეგმების შესახებ“, - თქვა ლავროვმა.
ამასთან, ლავროვმა დასავლელი ლიდერები რუსეთის გარშემო უსაფუძვლოდ „მტრის ხატის შექმნაში“ დაადანაშაულა, რითიც ლავროვის მტკიცებით, მოქალაქეების რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობენ.
„ისინი მუდმივად ცდილობენ ჩვენი სახელმწიფოს დემონიზაციას საინფორმაციო სივრცის მანიპულირებით და საზოგადოებრივ აზრში რუსეთის ხელმძღვანელობის სავარაუდო იმპერიული ამბიციების შესახებ თეზისის განმტკიცებას.
შესაძლოა, მითიურ რუსულ საფრთხეზე საუბრით, ისინი ცდილობენ ყურადღების გადატანას რეალური პრობლემების გადაჭრის წარუმატებლობიდან - ინფლაცია, მზარდი უმუშევრობა, მოსახლეობის რეალური შემოსავლების შემცირება, არალეგალური მიგრაცია და მასთან დაკავშირებული დანაშაულის ზრდა.
საწყენი და საგანგაშოა, რომ „გაერთიანებული ევროპა“ ანტირუსულ განწყობებს აღვივებს, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს აცოცხლებს და რუსეთის წინააღმდეგ ომის მოწოდებით გამოდის“, - თქვა მან.