რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაამართლა უკრაინის ქალაქებზე მასშტაბური სარაკეტო დარტყმები და განაცხადა, რომ რუსეთის სამიზნეები სამხედრო-სამრეწველო ობიექტებია.
ამის შესახებ პუტინმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას პუტინს ჰკითხეს რუსეთის მიერ უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, კერძოდ, საცხოვრებელ შენობებზე განხორციელებული მრავალრიცხოვანი დარტყმების შესახებ, რამაც მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი გამოიწვია.
ამ კითხვაზე პასუხად პუტინმა განაცხადა: „თქვენს ჟურნალისტებს რომ ენახათ, თუ როგორ განადგურდა ჩვენი რაკეტებით მთელი საცხოვრებელი კვარტლები, საეჭვოა, რომ შეძლებდნენ ამის შესახებ რაიმეს თქმას“.
ამავდროულად, მან ტრადიციულად გაიმეორა, რომ რუსული არმია, დარტყმებს ახორციელებს „სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე“ და არა საცხოვრებელ შენობებზე.
პუტინის თქმით, რუსეთი უკრაინის „დემილიტარიზაციით“ არის დაკავებული და შესაბამისად, სარაკეტო დარტყმებით ის „უკრაინას ართმევს შესაძლებლობას, ჰყავდეს შეიარაღებული ძალები, რომლებიც რუსეთს საფრთხეს უქმნის“.
17 ივნისს, ღამით, რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასშტაბური კომბინირებული შეტევა განახორციელა.
კიევში რუსული რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც მთელი სადარბაზო განადგურდა. დაიღუპა 28 და დაშავდა 134 ადამიანი.
ასევე, 17 ივნისის ღამეს, ოდესის, ზაპოროჟიეს, ჩერნიჰივის, ჟიტომირის, კიროვოგრადის, მიკოლაევისა და კიევის ოლქებზე თავდასხმა განხორციელდა.