აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის ავტომატური ფაქსიმილეს გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „ყოფილი პრეზიდენტი ბაიდენის თანამოაზრეებმა ბოროტად გამოიყენეს პრეზიდენტის ხელმოწერების უფლებამოსილების“ ავტომატური ფაქსიმილეს გამოყენებით „ბაიდენის კოგნიტური შესაძლებლობების დაქვეითების დასაფარად“.
„ეს შეთქმულება ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში და შემაშფოთებელი სკანდალია. ამერიკელი საზოგადოება განზრახ იყო დაცული აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი პირების იდენტიფიცირებისგან, მაშინ როდესაც ბაიდენის ხელმოწერა ათასობით დოკუმენტზე გამოიყენეს ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილებების განსახორციელებლად. ბაიდენის კოგნიტური პრობლემები და მისი პრეზიდენტობის დროს აშკარა ფსიქიკური დაქვეითება კიდევ უფრო „უარესი“ იყო პირად ცხოვრებაში, როდესაც მასთან დაახლოებული პირები „ცდილობდნენ ამის დამალვას“ საზოგადოებისგან“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „ამ პრობლემების მიუხედავად“, თეთრმა სახლმა გამოსცა 1200-ზე მეტი საპრეზიდენტო დოკუმენტი, დანიშნა 235 ფედერალური მოსამართლე და გასცა მეტი შეწყალება და სასჯელის შემსუბუქების ბრძანება, ვიდრე აშშ-ის ისტორიაში ნებისმიერმა სხვა ადმინისტრაციამ.
„მაგალითად, 2024 წლის შობამდე ორი დღით ადრე, თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ბაიდენმა სასჯელი შეუმსუბუქა 40 ყველაზე საზარელი და საშინელი დამნაშავედან 37 სიკვდილმისჯილს, მათ შორის რამდენიმე ბავშვის მკვლელსა და სერიულ მკვლელს,“ - ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ავტომატური ფაქსიმილეთი აქტივობა „განსაკუთრებით შემაშფოთებელი“ იყო ბაიდენის პრეზიდენტობის მეორე ნახევარში, როდესაც „მისი კოგნიტური დაქვეითება კიდევ უფრო აშკარა გახდა მათთვის, ვინც მასთან ყველაზე ახლოს მუშაობდა“.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „ეს გამოძიება უნდა ეხებოდეს“, კერძოდ, იმ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს „საზოგადოებისგან ბაიდენის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის განზრახ დამალვას“, იმ დოკუმენტებს, რომლებზეც გამოყენებული იყო ავტომატური ხელმოწერა და მათ, ვინც ხელმძღვანელობდა ავტომატური ხელმოწერის გამოყენებას.