გიორგი ბაჩიაშვილი გაერთიანებულ საამიროებში ადგილობრივმა უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.
ბაჩიაშვილის მეგობრების თქმით, ის აბუ დაბიში, Jumeirah Beach-ის სასტუმროში ადგილობრივ ადვოკატთან შესახვედრად ჩავიდა. ის სასტუმროს ფოიეში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით რვა წევრისგან შემდგარმა ჯგუფმა დააკავა და დუბაის პოლიციაში გადაიყვანა.
გამოცემის ცნობით, ბაჩიაშვილს უფლება მისცეს ოჯახისთვის დაერეკა და დაკავების შესახებ ეცნობებინა.
„მისი დაპატიმრება სრულიად მოულოდნელი იყო. მას ადგილობრივი ადვოკატი ჰყავდა; ადგილობრივი გუნდი და, როგორც ჩანს, მათთან თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა. როგორც ჩანს, ის უბრალოდ დააკავეს და შემდეგ მაშინვე თვითმფრინავში ჩასვეს", - განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა რობერტ ამსტერდამმა.
ბაჩიაშვილის ადვოკატის თქმით, ის ძალიან შეშფოთებულია მისი კლიენტის წინააღმდეგ წამების გამოყენების შესაძლებლობაზე, ვინაიდან, “საქართველო უარყოფითად ცნობილია თავისი საშიში და კორუმპირებული გარემოთი, ასე რომ ეს რეალურ, მძიმე შეშფოთებას იწვევს”.
შეგახსენებთ, დღეს დილით, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავეს.