ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს ცენტრისტი პოლიტიკოსი ბუქარესტის მერი, ნიკუშორ დენი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.
ეგზიტპოლის მიხედვით, ნიკოშურ დენმა ხმების 54.9% აიღო, ხოლო მისმა ოპონენტმა 45.10%.
დღეს, 18 მაისს, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს პოპულისტი კანდიდატი ჯორჯე სიმიონი და ცენტრისტი ნიკუშორ დენი დაუპირისპირდნენ.
4 მაისს გამართულ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ევროსკეპტიკური განწყობების მქონე პოპულისტი კანდიდატი, ჯორჯე სიმიონი პირველ ადგილზე გავიდა და ხმების 40,96% აიღო, ხოლო ბუქარესტის მერმა, ნიკუსორ დენმა, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატია, ხმების 20,99%-ით, მეორე ადგილი დაიკავა.
2024 წლის 24 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ანულირებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი კოორდინირებულ ონლაინკამპანიას აწარმოებდა, რათა კალინ ჯორჯესკუს გაემარჯვა. მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს, ჯორჯესკუს ბრალი წაუყენეს ექვს დანაშაულში, მათ შორის, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში.
26 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ულტრამემარჯვენე და პრორუსული განწყობების მქონე პოლიტიკოსი კალინ ჯორჯესკუ დააკავეს და გენერალურ პროკურატურაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მას მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.