აშშ-ის პრეზიდენტი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ვიზიტის დროს სირიის ახალ ლიდერს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდება, მიუხედავად იმისა, რომ ალ-შარაა აშშ-ს მიერ კვლავ ტერორისტად არის აღიარებული. იუწყება The Times
ალ-შარაა, რომელიც სირიას სათავეში იანვარში ჩაუდგა და რომელსაც ისლამისტური წარსული აქვს, მათ შორის ალ-ქაიდასთან კავშირები, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დროიდან დაწესებული აშშ-ის სანქციების მოხსნას ცდილობს.
სირიული მხარე აშშ-ს ეკონომიკურ დათმობებს სთავაზობს, კერძოდ, ამერიკულ კომპანიებს „უკრაინული მოდელის“ მსგავსად მინერალური რესურსების განვითარების უფლებას აძლევს. შარაამ ასევე გამოაცხადა დამასკოს ცენტრში “ტრამპ თაუერის” აშენების შესაძლებლობა.
უსაფრთხოების სფეროს წყაროების ცნობით, შარაამ შესაძლოა შესთავაზოს მოლაპარაკებების დაწყება „აბრაამის შეთანხმებებთან“ შეერთების შესახებ, რაც არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმებების სერიას წარმოადგენს და რომელსაც უკვე მოაწერეს ხელი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა.
ის, ასევე შესაძლოა, დათანხმდეს დემილიტარიზებულ ზონის შექმნას ან ისრაელითვის ჯარების შენარჩუნების უფლებას სამხრეთ-დასავლეთ სირიაში, სადაც ისრაელის ძალებმა ბუფერული ზონა შექმნეს 1967 წელს დაკავებული გოლანის მაღლობების მახლობლად.
საუდის არაბეთში გაფრენამდე ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომლებიც სირიისთვის საერთაშორისო ვაჭრობასა და საბანკო სისტემაზე წვდომას ბლოკავს.
„ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით, რომელთა მოხსნაც სრულად შეგვიძლია“, - თქვა ტრამპმა სირიის შესახებ საუბრისას, თუმცა შარაასთან შეხვედრა ოფიციალურად არ დაადასტურა.
„ჩვენ შეგვიძლია სირიის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა, რადგან გვინდა, რომ მათ ახალი სტარტი მივცეთ. თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა უკვე მკითხა ამის შესახებ. ბევრი მეკითხება ამის შესახებ, რადგან ასეთი სანქციებით მათ ნამდვილად არ აქვთ დაწყების შანსი. ამიტომ გვინდა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა მათი დახმარება - გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული,“ - განაცხადა ტრამპმა.