პირველ რიგში, უნდა არსებობდეს უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა განაცხადა.
კელოგი ამ განცხადებით X-ზე გამოეხმაურა რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის წინადადებას 15 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებების გამართვის შესახებ.
კელოგმა კომენტარი გააკეთა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, კრისტოფერ ლაკსონის, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინაში მშვიდობა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტით უნდა დაიწყოს.
„ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრსაც კი ესმის ეს. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ თქვა, შეწყვიტეთ მკვლელობა!
პირველ რიგში, უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და მის განმავლობაში, ყოვლისმომცველ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადასვლა. არა პირიქით“, - აღნიშნა კელოგმა.
შეგახსენებთ, 10 მაისის სამიტის შემდეგ, „მსურველთა კოალიციამ“ მოითხოვა, რუსეთი დათანხმდეს 30-დღიიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან.
ამის შემდეგ პუტინი გამოვიდა წინადადებით, რომ უკრაინასთან სამშვიდობო ზავზე მოლაპარაკებები სტამბოლში 15 მაისს გაიმართოს.