მსურველთა კოალიციის შეხვედრის შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, დათანხმდეს 30-დღიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მსურველთა კოალიციასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ აქ ვდგავართ, რათა დავიცვათ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა, რომელსაც უკრაინა იმსახურებს“, - თქვა მან.
სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითქმის ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდა.
„ამ დროის განმავლობაში რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი თავდასხმა განახორციელა, რამაც სიცოცხლე, სახლები და ოჯახები გაანადგურა.
სწორედ ამას გვთავაზობს რუსეთი მშვიდობის ნაცვლად, ხალხის დაბნევის მცდელობით, შეფერხებებით, ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე რეაგირების გარეშე. სწორედ ამიტომ ვართ აქ, შეერთებულ შტატებთან ერთად, და ღიად მივმართავთ პუტინს: თუ თქვენ სერიოზულად ხართ განწყობილი მშვიდობის მიმართ, ახლა არის შანსი, რომ ეს აჩვენოთ. ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებით, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემდეგ, დამატებითი პირობების და შეფერხებების გარეშე. პუტინს ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად პირობები სურს, მან სამხედრო აღლუმი მოაწყო, ის კვლავ გამოწვევას აყენებს, ის ჩვენი მრავალრიცხოვანი მოწოდებების, უკრაინის მოწოდებების მიუხედავად უარს ამბობს “, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
მან თქვა, რომ თუ პუტინი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები გაზრდიან სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის.
„თუ პუტინი სამშვიდობო გზას არ დაუბრუნდება, ჩვენ ვუპასუხებთ. პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, ჩვენ გავაძლიერებთ მხარდაჭერას უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მიმართ, რათა რუსეთი ვაიძულოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“, - განაცხადა სტარმერმა.
შეგახსენებთ, უკრაინა, ევროპის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, 30-დღიანი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა დაიწყოს.