გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული უკრაინის ნატო-სკენ მიმავალ გზას „შეუქცევადად“ მიიჩნევს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა ნათლად განაცხადა, რომ უკრაინა აგრძელებს როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში გაწევრიანების პროცესს.
„ნატო-ში ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით, რომ უკრაინა თავდაცვის ალიანსში გაწევრიანების გზაზეა და ეს გზა შეუქცევადია. გერმანია მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარიზში უკრაინას ერთგვერდიანი დოკუმენტი გადასცა, რომელიც ომის დასრულების „საბოლოო წინადადების“ სახით იყო წარმოდგენილი.
სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტი ითვალისწინებს პირობას, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ გახდება.