ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა „რიყის დოქები“ გაყიდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მისი მფლობელია შპს „რიყე დომ“.
კომპანიის წილის 100%-ს შპს ნ.გ.ბ. ფლობს, რომელიც თავის მხრივ თორნიკე კოპალიანს ეკუთვნის. დირექტორი კი მიხეილ ტყეშელაშვილია. გარიგების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ევროპული საქართველოს" ყოფილმა დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა.
ტყეშელაშვილია თავად ფლობს და თავადაა დირექტორი შპს ბუფალოში. ასევე, დირექტორია შემდეგ კომპანიებში: შპს ფონიჭალა ვუდსში, შპს ზაჰესი ლენდსში, შპს ორთაჭალ ოილში, შპს პორტრეტ თბილისში, შპს დი ვიჟენ გრუპში და შპს მაქრო ფროფერთიში.
რაც შეეხება მფლობელ თორნიკე კოპალიანს, სამეწარმოე რეესტრის მიხედვით ფლობს, შპს ბამბუ გარდენსის წილის 10%-ს და თავადაა დირექტორი, შპს 3ფ-ს 100%-ს, შპს თპ კომპანის 100%-ს, მეღვინეობა ხვამლის 100%-ს. მისი თანასაკუთრებაა კოოპერატივი უდაბნო-ლახირიც.
სახელმწიფოს მიერ აუქციონზე არაერთხელ გამოტანილი „რიყის დოქები, 2022 წლის მარტში ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა 10 020 000 ლარად იყიდა. ბიზნესმენის კომპანიას 2025 წლის 24 მარტამდე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და აქ ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი უნდა გაეხსნა.
თუმცა უკვე 2022 წლის დეკემბერშივე თავად ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ობიექტის 50%-ს ყიდდა, თუმცა ამ დრომდე „რიყის დოქები“ სრულად კვლავ მის მფლობელობაში იყო.