პასტორმა მარკ ბერნსმა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირად სულიერ მრჩეველს უწოდებენ, ამერიკელ ლიდერს უკრაინაში ვიზიტის შესახებ უამბო.
The Kyiv Independent-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ გარკვეული როლი ითამაშა აშშ-უკრაინის ურთიერთობების განმტკიცებაში.
„მე პრეზიდენტს და თეთრ სახლს გავუზიარე ის, რაც უკრაინაში განვიცადე. ვუამბე იმ სისასტიკეების შესახებ, რაც უკრაინელმა ქალებმა, ბავშვებმა, მოხუცებმა და მშვიდობიანმა მოქალაქეებმა რუსების მხრიდან გადაიტანეს. მე მოვუყევი 20 000 გატაცებულ ბავშვზე და 700 რელიგიურ სახლზე, რომლებსაც რუსები თავს დაესხნენ“, - თქვა ბერნსმა.
ტრამპის სულიერმა მრჩეველმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ყოველთვის იჩენს შეშფოთებას და ზრუნვას უდანაშაულო ადამიანების მიმართ, რომლებიც იღუპებიან და იტანჯებიან. მისი თქმით, სწორედ ამიტომ დაიწყო ამერიკის ლიდერმა ვლადიმირ პუტინზე მეტი ზეწოლა.
გამოცემა იხსენებს, რომ ბერნსი ადრე მხარს უჭერდა ტრამპის წინადადებას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ.
თუმცა, მან მკვეთრად შეცვალა თავისი პოზიცია მას შემდეგ, რაც იხილა კრივი რიჰზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგები, რომლის შედეგადაც დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
ბერნსმა დასძინა, რომ ტრამპმა მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ უფრო გადამწყვეტი ქმედებები დაიწყო.
პასტორი მარკ ბერნსი უკრაინაში მარტში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მთავარმა რაბინმა გაავრცელა.
ვიზიტის დროს ბერნსი იყო ბუჩაში, ირპენსა და ბოროდიანკაში.
„აქ ნანახმა იგი შეძრა. მას არ დაუმალავს ტკივილი, აღშფოთება და გულწრფელი თანაგრძნობა. დარწმუნებული ვარ, ეს ემოციები მხოლოდ მასთან არ დარჩება. პასტორი ბერნსი არის ადამიანი, რომლის სიტყვასაც ისმენენ იქ, სადაც დიდი გადაწყვეტილებები მიიღება. მჯერა, რომ სიმართლის ხმა უკრაინიდან ახალი ამერიკული ხელმძღვანელობის გულამდე იქნება მიტანილი“, – აღნიშნა უკრაინის მთავარმა რაბინმა.