აზერბაიჯანის პარლამენტის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კომისიის თავმჯდომარე, რამიდ ნამაზოვი, აცხადებს, რომ 2025 წლის თებერვალში ქვეყანაზე განხორციელებული კიბერშეტევის უკან რუსეთი იდგა.
ნამაზოვის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ 20 თებერვალს აზერბაიჯანულ მედიაზე განხორციელებული კიბერშეტევა ჯგუფმა APT29-მა, იგივე Cozy Bear-მა განახორციელა, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან არის დაკავშირებული.
„APT29-ის საქმიანობა, რომელიც კიბერშპიონაჟს ეწევა, ძირითადად მიმართულია სამთავრობო სტრუქტურების, უცხოური დიპლომატიური მისიების, ასევე პოლიტიკის, თავდაცვის, ენერგეტიკის, მედიისა და სხვა კრიტიკული სფეროების წინააღმდეგ“, - განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, თავდამსხმელებმა წინასწარ შეაღწიეს აზერბაიჯანული მედიასისტემების ქსელებში.
პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ კიბერშეტევა გამოწვეული იყო აზერბაიჯანის ხელისუფლების 3 თებერვლის გადაწყვეტილებით, კანონის დარღვევის გამო ბაქოში რუსეთის სახლის დახურვის შესახებ, ასევე რადიო „სპუტნიკის“ აზერბაიჯანული ფილიალის შესაძლო დახურვით.
„სწორედ ამ პროცესების გამო მოხდა კიბერჩარევის ეს პოლიტიკურად მოტივირებული ინციდენტი“, - თქვა ნამაზოვმა.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში დაძაბულობა დაემთხვა 2024 წლის დეკემბერში გროზნოსთან „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდებას.
ცნობით, აზერბაიჯანს აქვს მტკიცებულება, რომ თვითმფრინავი, რომელიც დეკემბერში რუსეთიდან ყაზახეთში გადამისამართების შემდეგ ჩამოვარდა, რუსულმა „პანცირ-S“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.