მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) ისრაელს ღაზას სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა უბრძანა.
სასამართლოს დადგენილებას მხარი დაუჭირა 15-დან 13-მა მოსამართლემ. წინააღმდეგ წავიდნენ მოსამართლეები უგანდიდან და ისრაელიდან.
გადაწყვეტილებაში, რომელიც სასამართლოს პრეზიდენტმა წაიკითხა, ნათქვამია, რომ ისრაელმა "დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო შეტევა და ნებისმიერი სხვა ქმედება" რაფაჰში, რომელსაც შეუძლია პალესტინელი მოსახლეობისთვის იმგვარი საცხოვრებელი პირობების შექმნა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მათი "სრული ან ნაწილობრივი ფიზიკური განადგურება".
გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისრალემა უნდა გახსნას შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება. ასევე უზრუნველყოს საერთაშორისო ინსპექტორების წვდომა პალესტინელების გენოციდის შესახებ ცნობების გამოსაძიებლად.
ამასთან, ისრაელს დაევალა, ერთი თვის განმავლობაში წარადგინოს მოხსენება სასამართლოს ამ დადგენილების შესრულებასთან დაკავშირებით.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ კონსულტაციებს გამართავს მთავრობის წევრებთან სასამართლოს დადგენილებასთან დაკავშირებით.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ სარჩელი სამხრეთ აფრიკამ გასულ წელს შეიტანა. სამხრეთ აფრიკის მტკიცებით, ისრაელი ღაზას სექტორში პალესტინელთა გენოციდს ახორციელებს.
ამჟამად, სასამართლო არ განიხილავს არსებითად გენოციდის ბრალდებებს. პირველ ეტაპზე განიხილება საგანგებო ზომების მიღების საკითხი, ვიდრე სასამართლო სრულად შეისწავლის საქმეს და საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.
2024 წლის იანვარში სასამართლომ უბრძანა ისრაელს, ყველა ღონეს მიმართოს, რათა ღაზა სექტორში გენოციდი თავიდან იქნეს აცილებული, თუმცა არ მოუთხოვია ცეცხლის სრული შეწყვეტა.
ისრაელი აბსურდულს უწოდებს სამხრეთ აფრიკის ბრალდებებს გენოციდთან დაკავშირებით. ისრაელი აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს ღაზაში სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად.