ვაშინგტონში, უკრაინულ სახლში დოკუმენტური ფილმის “ბუჩამდე იყო აფხაზეთისა“ და უკრაინაში მიმდინარე ომის ამსახველი ფილმის ჩვენება გაიმართა.
როგორც ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, ევროპული საქართველოს ამოცანაა, რომ ამერიკულ წრეებში დაიძრას დისკუსია და საბოლოო ჯამში შეიქმნას რეზოლუცია, რომელიც რუსეთს 90-იანებში აფხაზეთში ჩადენილ გენოციდზე პასუხისმგებლობას დააკისრებს.
„ამერიკაში ჩვენი ვიზიტის მთავარი ამოცანაა, პარტნიორებს ავუხსნათ, რომ ეს არ იყო ეთნიკური კონფლიქტი. ასე დაიწყო რუსეთის რევიზიონისტული, აგრესიული პოლიტიკა, რუსეთი ასეთი იყო პუტინამდეც და ასეთად დარჩება, ვიდრე არ გასამართლდება ის ხალხი, ვინც დანაშაულებს ჩადიოდა კაცობრიობის წინაშე საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებში.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ებმის ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, რადგან საბოლოო ჯამში ეს ერთი დიდი ისტორიის ნაწილია, როგორც ივანიშვილის რეჟიმია ძირგამომთხრეული საქმიანობით დაკავებული, სწორედ ასეთი საქმიანობის შედეგი იყო ის, რაც მოხდა 30 წლის წინ აფხაზეთში. „რუსული რეჟიმი უნდა შეიცვალოს“ - ეს არის ჩვენი გზავნილი“ - თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა
თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორის, სალომე ხვადაგიანის თქმით, უკრაინასთან საქართველოს საკითხი ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
მისი თქმით, ასეთ დროს, როცა დიდი ყურადღებაა მიპყრობილი უკრაინის მიმართ, მნიშვენლოვანია, რომ უკრაინელ პარტნიორებთან ერთად საქართველოს საკითხიც გავაჟღეროთ.
„მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიასთან ერთად, ვისაუბროთ რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებზე. ჩვენ ეს საერთო მტერი გვაერთიანებს და დღეს რაც ხდება უკრაინაში, სწორედ იმის ბრალია, რომ საქართველოში ჩადენილ გენოციდზე თავის დროზე შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა. ჩვენ უნდა გავიტანოთ გზავნილი, რომ რუსეთი ტერორისული სახელმწიფოა - თქვა სალომე ხვადაგიანმა
დოკუმენტური ფილმი “ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ევროპული საქართველოს, აფხაზთა კრებისა და თავისუფლების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტია, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილი საკაცობრიო დანაშაულების ქართველთა გენოციდად შეფასებას ისახავს მიზნად.