დღეს ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კალაძის თქმით, იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობასა და სიმართლეს ეფუძნება.
„ლობიზმში თავიდან ბოლომდე ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი. კრიმინალი, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში წამების, მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, ადამიანების ჩაგვრისა და გაუპატიურების მანკიერი სისტემა შექმნა. თურმე უნდა გავათავისუფლოთ სააკაშვილი, რომელმაც ტერიტორიების 20 პროცენტი შეგნებულად, მიზანმიმართულად ჩამოაჭრა საქართველოს და ქვეყანა სიღარიბის ჭაობში ჩააგდო.
ამის პარალელურად, სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს. ადამიანის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად „აგენტი კრიმინალების“ ბანდას გამოსტაცა ეს ქვეყანა ხელიდან და განადგურებას გადაარჩინა. ევროდეპუტატები ითხოვენ იმ ადამიანის დასანქცირებას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის კულტურა და სულიერება საკუთარი უპრეცედენტო ქველმოქმედებით გადაარჩინა და ისეთ დემოკრატიას ჩაუყარა საქართველოში საფუძველი, სადაც ადამიანის უფლება, სიტყვის და გამოხატვის უფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული“, - განაცხადა კალაძემ.