ხელისუფლებას ვურჩ, უფრო მგრძნობიარენი იყვნენ იმპულსებისადმი, რომლებიც ქვეყნის შიგნიდან და გარედან მოდის - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის კონსულტანტმა, ირაკლი მენაღარიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას გამოცემა „ნეტგაზეთს“ განუცხადა.
მენაღარიშვილი კანონპროექტს შარშანაც ეწინააღმდეგებოდა.
„სამწუხაროდ, ჩვენი წინანდელი პროგნოზი ახლაც ძალაში რჩება. როგორც ვხედავთ საზოგადოების რეაქციას ზოგადად, ამ ინიციატივას ჯერჯერობით მხოლოდ უარყოფითი შედეგები მოჰყვა“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ მენაღარიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლების ადგილას უფრო ფრთხილი იქნებოდა ამ საკითხის განხილვისას.
„ეტყობა, სახელისუფლებო წრეებში უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ იმ შედეგს, რომლის იმედიც ამ კანონის მიღების შემდეგ აქვთ. ვერაფერს განსაკუთრებულს დამატებით ვერ გეტყვით, ეს არის დაკვირვების შედეგად მისაღები დასკვნა, რომლის გაკეთებასაც, ალბათ, დიდი ხანი არ დასჭირდება“, — აცხადებს მენაღარიშვილი და დასძენს, რომ ასეთი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ევროინტეგრაციაზე გავლენის პერსპექტივა „ნეგატიურად გამოიყურება“.
„ცნობილია ევროპული სტრუქტურების სხვადასხვა წარმომადგენლის შეფასებები. თუმცა მე მგონია, რომ მძიმე პროგნოზის საფუძველი, წესით, არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ საუბარია ქვეყნის შიდა კანონმდებლობის ცვლილებაზე და რამე კატეგორიული ცვლილება მას საგარეო ვექტორის მიმართულებით, წესით, არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჯერჯერობით რეაქცია არის არც მთლად დადებითი. და ვინც აკრიტიკებს ამ კანონს ევროპის პოზიციებიდან, სწორედ იმას გულისხმობენ, რომ [კანონი] ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს შეუშლის ხელს. მე მეშინია, რომ ეს მართლაც შეიძლება ასე მოხდეს“, — განაცხადა მენაღარიშვილმა.
მენაღარიშვილი ამბობს, რომ კანონპროექტზე პრემიერთან საუბარი არ ჰქონია, თუმცა მასაც იმავეს ურჩევდა:
„რომ ცოტა უფრო ფრთხილად მოეკიდონ ამ საკითხს, ვიდრე დღეს ეკიდებიან და გაითვალისწინონ ის პროცესები, რომელიც საზოგადოებაში მიდის და ქვეყნის გარეთაც. ეს გადაწყვეტილება [კანონის მიღების], როგორც ეტყობა, საკმაოდ მყარია. ამ შემთხვევაში მე კამათს ვერ შევძლებ, თუკი ადამიანი, ვის კომპეტენციაშიც ეს შედის, უკვე ჩამოყალიბებულია და პრაქტიკულად გადაწყვეტილება მიღებული აქვს. ჩვენ შეგვიძლია მათ მხოლოდ ვურჩიოთ, უფრო ფრთხილი დამოკიდებულება და უფრო მგრძნობიარენი იყვნენ იმპულსებისადმი, რომლებიც ქვეყნის გარედან და საზოგადოებიდან მოდის“, - განუცხადა მენაღარიშვილმა „ნეტგაზეთს“.