პირველი მოწვევის პარლამენტის წევრმა, ბიძინა გიორგობიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, რომ სამწუხაროა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ და გაიზარდნენ და სკოლებში, თუ უმაღლეს სასწავლებლებში საბჭოთა იდეოლოგიის მარწუხებში მოქცეული არ არიან, მაინც ისე მოქმედებენ, როგორც ტიპური ბოლშევიკური იდეოლოგიით აღზრდილი საზოგადოების შვილები.
„საგულისხმოა ბულინგი, მათი დამოკიდებულება განსხვავებულ აზრთან და ჟურნალისტებთან. თქვენ ნახეთ, როგორ იქცევიან ჟურნალისტების მიმართ. რაც მთავარია, აქვთ სხვა აზრის მიუღებლობა. ისინი არ შედიან განხილვაში. გეუბნებიან, მე არ მაინტერესებს, რა წერია იქ, რაკი ეს კანონი არსებობს, უკვე რუსულიაო, ყოველგვარი შინაარსის გარეშე. ეს ძალიან ცუდის ნიშანია. ახლა ცალ-ცალკე დაიწყეს სპორტსმენების, ფეხბურთელების, მწერლების და სხვადასხვა პროფესიის ადამიანების პირდაპირ შევიწროება-დამუნათება, გამოდით და თქვითო. უნდათ, ბოლოში რამენაირად დააცდენინონ მათთვის მანტრად ქცეული, ყოველგვარი შინაარსისგან დაცლილი შეძახილი – არა რუსულ კანონს, რომელსაც განუწყვეტლივ იმეორებენ. მათი მოქმედების ეს სტილი შემაშფოთებელია, იმაზე მეტად შემაშფოთებელი, ვიდრე ის, იქ რომ პერიოდულად ამოყვინთავენ ხოლმე მიმდინარე პროცესის მთავარი აქტორები“, – განაცხადა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, როდესაც საქმე მიდის შეტაკებისკენ და შენობაში შეჭრა-შევარდნისკენ, იქ უცებ ამოდიან ველური და მანიაკალური ჟინით შეპყრობილი გიგი უგულავა, ნიკა გვარამია და „ნაციონალური მოძრაობის“ შავბნელი ეპოქის სხვა შვილები.
„გუშინ, იქ ეს ჟღერადი სახელები „დაფიონი“, „ქიმეიონი“ და „უქიმერიონი“ არავის არ ახსოვდა. ამ რუსული სლენგისთვის ბოდიშს ვიხდი, მაგრამ იქ უკვე გამოდიან „მახროვი“ ნაცისტები, რომლებიც მხოლოდ ძალადობაში, კაცის კვლაში, შენობებში შევარდნაში და ძალისმიერ სცენარებზე არიან დახელოვნებული. ისინი ამისთვის მუშაობენ, საწყალი ახალგაზრდები კი ანტურაჟია, რომლებიც იქ მიჰყავთ და დროშაშემოხვეული დადიან“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.