აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს.
პატელმა საქართველოს ხელისუფლებას „დაჟინებით მოუწოდა, გაითვალისწინოს გაფრთხილებები, რომ ის არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს”.
„ვრჩებით შეშფოთებულები, რომ თუ ეს კანონპროექტი ძალაში შევა, ის მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, რომლებიც მუშაობენ, რათა საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება გააუმჯობესონ და მათ ხარისხიანი ინფორმაცია მიაწოდონ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება და მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია.
დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს გაფრთხილებები, რომ ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს და ღირებულებებს და ცალსახად უარყოფითად აისახება საქართველოს ევროპულ გზაზე”, - განაცხადა პატელმა.