მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ განაცხადა, რომ ქვეყანას რუსეთისგან მრავალი საფრთხე ემუქრება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
მისი თქმით, რუსეთი მოლდოვის დემოკრატიული მთავრობის ჩამოგდებას ცდილობს. ამის შესახებ მან AP-სთან ინტერვიუში ილაპარაკა.
„რუსეთი სწავლობს და ადაპტირებას ახდენს, ისინი ცდილობენ, დემოკრატიული პროცესი გამოიყენონ ჩვენ წინააღმდეგ, რათა ჩამოაგდონ დემოკრატიული მთავრობა მოლდოვაში“, – განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, მოლდოვის ხელისუფლებამ იცის, რომ კრემლი აპირებს, დიდი ენერგია და ფინანსები დააბანდოს თავისი მარიონეტების დახმარებით, რათა სასურველს მიაღწიოს და ცდილობს მოლდოვის მოქალაქეების მოსყიდვას. პოპშიომ ასევე დაადასტურა, რომ დნესტრისპირეთთან დაკავშირებით სიტუაცია დაძაბული რჩება და ამ საკითხზე სპეკულირება, შეიძლება, ნეგატიურად აისახოს მოლდოვაში ინვესტიციებზე.
პოპშოიმ ასევე აღნიშნა, რომ მოლდოველების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშაა, რომელმაც ნატო საფრთხობელად აქცია“
”მაგრამ ეს ხელს არ უშლის ჩვენს ნატო-ელ პარტნიორებთან თანამშრომლობას და ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერებას”, - თქვა პოპშოიმ.