სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის იურაი ბლანარისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრას „დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მაგალითი“ უწოდა.
ბლანარი ლავროვს ანტალიაში, დიპლომატიურ ფორუმზე შეხვდა. მათი მისალმების ფოტო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
ამ დრომდე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მხოლოდ უნგრეთის მინისტრი პიტერ სიიარტო არ ერიდებოდა ლავროვთან შეხვედრას. ჯერ კიდევ 2022 წელს ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდნენ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს თქმით, ეს შეხვედრა არის მაგალითი „ჩვენი დაბალანსებული და სუვერენული სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკისა მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიმართ“.
გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რაც შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტმა შეიძლება მოიტანოს.
„ვიცოდი ამ შეხვედრის შესახებ, ვურჩიე მას რუს მინისტრთან შეხვედრა“, - განაცხადა ფიცომ.