ბაიდენის ადმინისტრაციისათვის ცნობილია რუსეთში რუსეთისა და ამერიკის მოქალაქეობის მქონე ბალერინას დაკავების შესახებ და ითხოვს ინფორმაციას მის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
კირბის განმარტება გაჟღერდა მას შემდეგ, რაც გამოცემა New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეფ-ეს-ბემ-მ "სახელმწიფო ღალატის" ბრალდებით, უკრაინისთვის თანხის შეგროვებისთვის, ბალერინა დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის ბალერინა, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ლოს ანჯელესში, ეკატერინბურგში დააკავეს.
რუსი იურისტების ჯგუფმა, რომელიც სპეციალიზირებულია ღალატთან და სხვა პოლიტიკურ ბრალდებებთან დაკავშირებულ საქმეებში, განაცხადა, რომ ქალს ბრალი დასდეს ღალატში იმისათვის, რომ მან ნიუ-იორკის არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც დახმარებას უწევს უკრაინას, დაახლოებით 50 დოლარი გაუგზავნა.
ამასთან, რუსული პროპაგანდისტული სააგენტო „ტასი“ ეფ-ეს-ბეზე დაყრდნობით იუწყება, რომ „2022 წლის თებერვლიდან იგი აქტიურად აგროვებდა ფულს ერთ-ერთი უკრაინული ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც შემდგომში გამოიყენებოდა სამედიცინო ნივთების, აღჭურვილობის, იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის“. ასევე „ტასი“ წერს, რომ შეერთებულ შტატებში ქალმა არაერთხელ მიიღო მონაწილეობა მიტინგებში კიევის „რეჟიმის“ მხარდასაჭერად.