აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების და რესპუბლიკელების ლიდერებს, დაზვერვის, შეიარაღებული ძალების, საფინანსო და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა.
მედიის ცნობით, მან კონგრესი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ უკრაინის დახმარების გაგრძელება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა.
"პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ კონგრესის მიერ გადაწყვეტილების მიღწევის წარუმატებლობა საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების, ნატო-ს და დანარჩენი თავისუფალი სამყაროს ეროვნულ უსაფრთხოებას. პრეზიდენტმა მოუწოდა კონგრესს, სწრაფად უზრუნველყოს დამატებითი დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად და გაგზავნოს ძლიერი სიგნალი აშშ-ის შესახებ“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ჯო ბაიდენი ასევე შეეხო სამხრეთ საზღვრის საკითხს, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია რესპუბლიკელებისთვის და განაცხადა, რომ მოხარულია სენატში მხარეებს შორის მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესით.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად თანხა ამოწურული აქვს და კონგრესში რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო, ჯერჯერობით ვერ ახერხებს უკრაინისთვის კიდევ 61 მილიარდ დოლარზე მეტის მიღებას. რესპუბლიკელები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას.