ლიბანური შიიტური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ დღეს მხარდამჭერებს მიმართა.
მისი განცხადებით, ისრაელზე თავდასხმა სრულად ჰამასის“ მიერ იყო დაგეგმილი და ორგანიზებული, მაგრამ არ გამორიცხა მომავალში „ჰეზბოლას“ მებრძოლებსა და ისრაელს შორის კონფლიქტის ესკალაცია.
ჰასან ნასრალამ შეაქო „ჰამასი“ ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმისთვის და დასძინა, რომ მებრძოლებმა „სწორად, გონივრულად და სამართლიანად“ იმოქმედეს. მან ასევე მადლობა გადაუხადა "წინააღმდეგობის ღერძის" ჯგუფებს იემენსა და ერაყში ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობისთვის.
მისი თქმით, „ჰეზბოლა“ ბრძოლაში 8 ოქტომბრიდან არის ჩართული.
"რაც ჩვენ 8 ოქტომბრიდან გავაკეთეთ უპრეცედენტოა ჩვენი საბრძოლო სტრატეგიის კუთხით. ყოველდღიურად ჩვენ მიზანში ვიღებთ, ისრაელის ჯარისკაცებს, ტანკებს, დრონებსა და სენსორებს, ისრაელის თვალებსა და ყურებს", - თქვა ნასრალამ.
ნასრალას თქმით, შეერთებული შტატები „ხელს უშლის ცეცხლის და აგრესიის შეწყვეტას.
ნასრალამ ისრაელის ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა უწოდა ომს ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ, რომელიც „მიუღწეველ მიზნებს“ მიყვება.
"მთელი ერთი თვის განმავლობაში ისრაელმა ვერ შეძლო ვერც ერთი სამხედრო წარმატების მიღწევა", - აღნიშნა მან.
ნასრალას თქმით, 7 ოქტომბრის თავდასხმამ პოლიტიკური მიწისძვრა გამოიწვია ისრაელში და ამას გრძელვადიანი ეფექტი ექნება, ხოლო თავდასხმებმა ისრაელის სამხედრო სისუსტეები გამოავლინა.