აჭარის მთავრობა შენობას იცვლის და ის სავარაუდოდ ბათუმის პირველი კლინიკური საავადმყოფოს შენობაში გადავა. პირველი კლინიკური საავადმყოფო კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს შეუერთდება და გაერთიანებული სტრუქტურა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობაში დაიდებს ბინას.
სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ლევან ანთაძემ განმარტა, რომ პირველი კლინიკური საავადმყოფო სახელმწიფო საკუთრებაა და მის ბედს სახელმწიფო თავად გადაწყვეტს.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, ვიდრე პირველი კლინიკურ საავადმყოფოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გადავა, შენობის რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია განხორციელდება.
რესპუბლიკურ საავადმყოფოს და პირველი კლინიკური საავადმყოფოს გაერთიანების ფაქტი ლევან ანთაძემ დაადასტურა და განაცხადა, რომ ამ დროისათვის მუშაობა მიდის ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი გამოყოფაზე, რომელიც რესპუბლიკური სავადმყოფოს რემონტს მოხმარდება. მინისტრის თქმით, გაერთიანებული სტრუქტურა ერთ შენობაში 2-3 თვეში განთავსდება.
ხოლო მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის სახლი გამოთავისუფლდება, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მის რეალიზაციას შეეცდება, ისევე როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის.
უკვე ცნობილია, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო ჩაქვის ყოფილი საავადმყოფოს შენობაში განთავსდება.
2010 წლის ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოს შენობის საპროექტო და სარემონტო სამუშაოებისთვის ბიუჯეტში 638 ათასი ლარია გათვალისწინებული.
2011 წლის ბიუჯეტში კი უმაღლესი საბჭოს ახალი შენობის რეკონსტრუქციისათვის 1 მლნ. 50 ათასი ლარი დახარჯება.