ENG / RUS       12+

საუკუნეს გატოლებული მარი აბრამიშვილი - 100

„შენ ორი ათას ოცდაორ წელს,

სექტემბრის თვეში,

სულ მცირე ჟამი - საუკუნე გაგიტოლდება“

წერდა ერთადერთი რეპრესირებული ქართველი პოეტი ქალი – მარი აბრამიშვილი. დღეს დიდი იუბილეა. ქართული პოეზია თავისი წამებული შვილის დაბადების მე-100 წლისთავს ზეიმობს.

ვინც ყურმოკრულად მაინც იცის საბჭოთა ტოტალიტარიზმის პოლიტიკა ქმნილების გვირგვინის – ადამიანის წინააღმდეგ, მისთვის ადვილი გასაგები იქნება ამქვეყნიური ჯოჯოხეთის ის მასშტაბი, რომელიც 22 წლის სამშობლოს თავისუფლებაზე მეოცნებე ახალგაზრდა პოეტის თავზე დატრიალდა. მარი აბრამიშვილს ახალი დამთავრებული ჰქონდა უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სამსახურიც დაიწყო ნაოცნებარი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ბიბლიოგრაფად. მხოლოდ ერთი თვის ხელფასის აღება მოასწრო: „სასოებით ვინახავდი. ტკბილია პირველი ხელფასი, თუმცა მე აღარაფრის ყიდვა აღარ მღირსებია იმ ფულით. 27 მარტი იყო... 1945 წლის 27 მარტი“.

1945 წლის 27 მარტს უნივერსიტეტიდან გამოსულსა და სამსახურიდან შინ მიმავალს ცხვირწინ მანქანამ დაუმუხრუჭა. მალე თავი შინსახკომის ცივ საკანში ამოაყოფინეს. უცნაური იყო ის წინათგრძნობაც, რომელიც ამ ჩითისკაბიანი სიფრიფანა გოგონას სულში იდგა; იცოდა,  გრძნობდა, რომ დაიჭერდნენ:

„ჩვენ ამ საღამოს წაგვიყვანენ, მაგრამ რა ვუყოთ,

იქ ხომ ფარული ბორკილები აღარ გვედება!“

მთავარ დანაშაულად ხელნაწერი ანტისაბჭოთა ჟურნალი „ანათემა~ იქცა, თუმცა ამას სხვა აბსურდული ბრალდებებიც დაემატა, მათ შორის სამშობლოს მტრობად ჩაუთვალეს: სტუდენტობის ჟამს დაწერილი რეფერატი „ჭოლა ლომთათიძის შემოქმედება“; არ აპატიეს წმინდა და ამაღლებული სიყვარული ერთი ვაჟისა, რადგან ყმაწვილი, რომელიც უყვარდა  და, რომლისადმიც სამოცამდე ლექსი ჰქონდა მიძღვნილი, 1937 წელს რეპრესირებულის შვილი იყო და მტრის შვილის ტრფობა სოციალისტური სამშობლოსთვის მიუღებლად მიიჩნიეს. გარდა ამისა, როდესაც საქმის გამომძიებელი მარი აბრამიშვილის ლექსებს გაეცნო, დაიყვირა: ამის დამწერს ფეხებში უნდა მოჰკიდო ხელი და შუაზე გახლიჩოო. „დიად საბჭოეთს" დიდი ბელადი მართავდა, რომლის კულტიც ზენიტში იყო. ამასთანავე, მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა და ეპოქის ასეთ კონტექსტში მარი აბრამიშვილი არც სტალინის სადიდებელს წერდა და არც სოციალისტური რეალიზმის ესთეტიკურ კრედოს უხდიდა ხარკს. ამიტომაც, ბრალდება დაუმძიმეს: შენ თუ  საბჭოთა წყობილების  წინააღმდეგი არ იყავი, სამამულო ომის თემაზე ერთ ლექსს მაინც დაწერდიო.

12 თვე მარტოდმარტო იჯდა 31-ე ვიწრო უსარკმლო საკანში ქედუხრელი და ამაყი შვილი საქართველოსი. დაინიშნა მარი აბრამიშვილის სასამართლო პროცესი. ციხიდან წამოყვანილი პატიმრები უზენაესი სასამართლოს ეზოში შეიყვანეს: „მე ჩონჩხადქცეული და მილასლასებული ვიყავი, მაგრამ „ჩორნი ვარონას“ უკანა კარიდან მაინც ყოჩაღად ჩამოვხტი და რუსი ბადრაგების ბრძანებასაც არ დავემორჩილე, ჩაიჩოქეთ, ჩაიჩოქეთო რომ გაჰყვიროდნენ.  ჩაცუცქდა ყველა, მე კი გამართული ვიდექი და დამცინავი ღიმილით შევყურებდი ამ ფორმიანსა და იარაღიან ბიჭებს, რომლებიც გაშმაგდნენ ჩემს ურჩობაზე, მაგრამ ხელს ვერ მახლებდნენ, სასამართლოს შენობიდან ათასი თვალი გვიყურებდა. ვიცოდი, ზემოთ ჩემი დატანჯული მშობლებიცა და ახლობლებიც იდგნენ, რომელთაც არ მინდოდა მოკუნტული და განადგურებული ვჩვენებოდი, ხელებსაც კი ვაცეკვებდი ზურგს უკან, რომ ისინი გამემხნევებინა!“

ასეთი რამ მხოლოდ მარი აბრამიშვილს შეეძლო – ქედუხრელსა და უდრეკს. მან, საკუთარ არსებაში პოეტი რომ გადაერჩინა, საკუთარ სულში  პოეტური აღმაფრენა რომ არ ჩაეკლა, გამოსავალს მიაგნო: საკანში გამოკეტილი კიარ წერდა (ვინ მომაქვავებდა  კალამსა და ქაღალდსო), ზეპირად თხზავდა და ხმამაღლა ამბობდა. ასე შეიქმნა 100 ლექსი ციხის 31-ე საკანში: „გუშაგებს გიჟი ვეგონე. ჩემს სიცოცხლეში რომ არ მიმღერია, ვმღეროდი კიდეც ათასგვარ სიმღერას და ყოველ დილა-საღამოს ვამოწმებდი ჩემსავე თავს, ჯერ ისევ ჭკუაზე ვიყავი თუ შევიშალე~ – იგონებდა მოგვიანებით.

დღეს უკვე ის საბედისწერო ხელნაწერი ჟურნალი „ანათემა" დაკარგულად ითვლება, თუმცა რ. კვერენჩხილაძის წყალობით შემორჩენილია მცირე ფრაგმენტი ლექსისა „ანათემა~:

„პატარა ერის თავის კუთხეს აღარ მმართველობს,

როგორც ცხვრის ფარა სხვის კომბლის ქვეშ მიედინება....

მითხარ, სად არის ან სამშობლო, ან საქართველო

სად არის ჩვენი ცა-ფირუზ და ხმელეთ - ზურმუხტი?!

ხომ ხედავ, კუთხე წაგვართვეს!“

ერთი წუთითაც კი შემზარავია იმის წარმოდგენა, როდის დაიწერა ეს სტრიქონები, როგორ რეალობაში ფიქრობდა და აზროვნებდა ასე პოეტი! მარი აბრამიშვილთან ერთად, გოლგოთის გზას გადიოდა ქართული მწერლობაც: თბილისი–როსტოვი, როსტოვი–მოსკოვი, მოსკოვი–გორკი, გორკი–კიროვი, კიროვი–ვიატკა: „აი, ამ ექვსი ქალაქის შვიდ ციხეში ვხეხე ცემენტი ჩემი ძვლებზე გადაკრული კანით~. ასე გამოიარა ცხოვრების ჯოჯოხეთი და, ალბათ, ფიზიკურ ტანჯვაზე უფრო მწარე იმის გაცნობიერება აღმოჩნდა, რომ ეს კატასტროფა თანამოაზრისა და „ანათემის“ ჯგუფის წევრის, მეგობრისა და თაყვანისმცემლის ღალატმა განაპირობა.

უდანაშაულოდ განწირული ადამიანი შეიძლება გაბოროტდეს, სასტიკი გახდეს, გულში ბოღმა და სიძულვილი ჩაიდოს და მერე ამ აგრესიამ მოინელოს. მარი აბრამიშვილის მონოლითურმა, გაუბზარავმა არსებამ ამ განსაცდელსაც გაუძლო: ყველაფერი დაითმინა, გადაიტანა, იწვნია და იგემა თავისი გაუხარელი სატრფოს – საქართველოს სიყვარულის სახელით და ეს მიიღო ისეთი სიმშვიდითა და ვაჟკაცობით, რომ საყვედურიც კი არ დასცდენია, სამშობლოს არ გაჰბუტვია. მან წარსული უმაღლესი ადამიანური კრიტერიუმებით შეაფასა და  ჯოჯოხეთადქცეული განვლილი ცხოვრების გამო აუგი კიარა, ასეთი სამადლობელი აღმოთქვა: „მადლობელი ვარ, ჩემო ქვეყანავ, ტანჯვისათვის, რომელიც მომაგე. არ გემდური თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი სატანჯველი პატარა ადამიანების ხვედრი არ არის!"

გადასახლებიდან დაბრუნებულს ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო. მაგრამ, როცა გოლგოთა დასრულდა, როცა ციხის კარი გაიღო და გატანჯულ-გაწამებული შინ დაბრუნდა, ირგვლივ სამშობლოსთან გაუცხოებული ადამიანები დახვდნენ, რომლებსაც სიცოცხლის მთავარი, თუმცა უჩინარი, უხილავი არსება – შიში – უთრგუნავდათ სულს და ამიტომაც ერიდებოდნენ „სამშობლოს მტერთან~, რეპრესირებულ პოეტთან ურთიერთობას: „აქ, ჩემს საქართველოში... შიშისაგან გამირბოდა ყველა“ – წერდა სულშეძრული. მან ამაზე ამაღლებაც შეძლო, რადგან უკვე ისეთ პიედესტალზე იდგა, რომ ადამიანურ სისუსტეებს ყურადღებას აღარ აქცევდა. სულგრძელობის, იშვიათი კაცთმოყვარეობის, მაღალი ჰუმანიზმისა და საკუთარ თავზე გამარჯვების მაუწყებელი სტატუსია პოეტის გულიდან ამოძახილი: „მე შეიძლება არ მიყვარდეს, მაგრამ არ შემიძლია, მძულდეს!"

მთელი არსებით, შეგნებით, ძალითა და ენერგიით ეტრფოდა ბორკილდადებულ სამშობლოს, მისთვის წერდა, მისთვის სუნთქავდა და საარსებო ძალებსაც ეს სიყვარული აძლევდა. მარი აბრამიშვილი იყო ქედუხრელი შვილი იმ საქართველოსი, რომელსაც წმინდა ქეთევან დედოფალი ჰყავდა სახედ და ნიმუშად რწმენისა და მამულისათვის თავდადებისა. დროსა და ჟამზე გამარჯვებულმა მხოლოდ ორი რამის ტყვეობას ვერ დააღწია თავი. ორივე მისი ცხოვრების საზრისი, არსებობის გამართლება, მისი ფიქრი, ტკივილი და სიყვარული იყო – პოეზია და სამშობლო, სამშობლო და პოეზია – მას არ ჰქონია ამისგან გაუმიჯნავი არც პირადი ცხოვრება, არც – სადარდელი, არც – საქმე და არც – ოცნება!

მარი აბრამიშვილის პოეზია სრულად წარმოაჩენს იმას, რასაც განიცდიდა, რასაც ფიქრობდა, რასაც გრძნობდა: „ჩემი სიტყვა ჭეშმარიტ სიყვარულს ემსახურება, ჭეშმარიტი სიყვარული საქართველოა ჩემი!" სამშობლო იყო სწორედ მისი წყევლაც და ბედისწერაც, სიხარულიც და ტკივილიც. მთელი მისი არსება ქვეყნის სიყვარულში დანთქმული ადამიანის უშიშარ ცხოვრებას ჰგავდა:

„ჩემს გულში,

ჩემს სულში,

ჩემს ყურში

მხოლოდ საქართველო ჟღერს!"

და კიდევ ერთი – ძლიერი ადამიანის თვისებები მარი აბრამიშვილმა ასე განსაზღვრა: „ქედუხრელობა, გამტანობა, სიმართლე და სამართლიანობა, უშიშრობა და გულმოწყალება, კეთილშობილება, მედიდურობასთან ბრძოლა და დაჩაგრულის ქომაგობა, – ყველაფერი, რაც ლიქნასა და ფარისევლობას, ორგულობასა და ღალატს ვერ ითავსებს!" – ეს უკვე მისი სულის პროფილია. თავად იყო ამ პრინციპების მატარებელი და შინაგანი კონსტიტუციის ეს „ათი მცნება~ მან დაგვიტოვა ღირსებისა და თავისუფლების ასპარეზზე დგომის მთავარ გარანტად.

საბა მეტრეველი