ნატო-რუსეთის საბჭოს მოსალოდნელი შეხვედრის წინ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ალიანსი არ აპირებს, უარი თქვას "ღია კარის" პრინციპზე.
Financial Times-თან საუბრისას, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, მათ შორის უკრაინას, აქვს უფლება, მოითხოვოს ალიანსში გაწევრიანება.
ამასთან, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, რუსეთთან კომპრომისი შესაძლებელია, თუმცა, ეს ერთი შეხვედრის ფარგლებში ვერ მოხდება.
სტოლტენბერგმა განმარტა, რომ ამას დასჭირდება არა ერთი, არამედ "შეხვედრების სერია".
"ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობებისთვის. წარსულში არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია რუსეთთან პრობლემების გამოსავლის პოვნა", - თქვა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, 10 იანვარს, ჟენევაში რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები მოლაპარაკებებს გამართავენ რუსეთის მიერ წარმოდგენილ უსაფრთხოების წინადადებებთან დაკავშირებით.
12 იანვარს გაიმართება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს მოლაპარაკებები გაგრძელდება ეუთო-ს ფორმატში.