ENG / RUS       12+

სულ სხვანაირი ელენე ახვლედიანი

ისეთ ელენე ახვლედიანს, რომელზედაც დღეს გიამბობთ, ძირითადად, სცენასთან დაახლოებული ადამიანები იცნობენ. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მხატვრის ეს ამპლუა შედარებით უცნობია. მის თეატრალურ მოღვაწეობას ვგულისხმობ - სასცენო კოსტიუმებსა და სცენოგრაფიას, რომელიც თავად ხელოვანივით საინტერესო და მრავალფეროვანია. 

მიუხედავად იმისა, რომ თეატრის მხატვრობას მის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ელენე ახვლედიანის შემოქმედების ეს მხარე დღემდე ჩრდილში რჩება. ბევრისთვის ის თბილისური (და არა მხოლოდ) პეიზაჟების დიდოსტატია, რომელთაც მთელი ცხოვრება რუდუნებით ქმნიდა. თბილისი ჩემთვის ელიჩკასთან ასოცირდებაო, - იტყვის მოგვიანებით სერგო ფარაჯანოვი, მანამდე კი, წლების წინ, პარიზიდან თბილისში დაბრუნებულ მხატვარს ბედისწერა კიდევ ერთ ვნებას, თეატრს გადაჰყრის.

ის, რომ ცხოვრება მხატვრობისთვის უნდა დაეკავშირებინა, თავიდანვე ნათელი იყო - ჯერ კიდევ პატარა გოგონა გულმოდგინედ ხატავდა მშობლიურ კახეთს, თელავს. ამავდროულად, მუსიკითაც გატაცებული, მშვენივრად მღეროდა, თუმცა საბოლოოდ ფუნჯი და ფერები არჩია. სწავლა სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა. გიგო გაბაშვილის მოწაფე პედაგოგს დიდ პატივს სცემდა, მაგრამ როცა საქმე მხატვრობას ეხებოდა, მხოლოდ საკუთარი გულის ხმას უსმენდა. სწორედ ამ ხმამ და გამორჩეულმა ნიჭმა დაატყვევა პარიზულ გამოფენაზე მისული პოლ სინიაკი. მისი ნამუშევრი - "კახეთი. ზამთარი" - პიკასოც მოიხიბლა. გამოფენა გამოფენას მოსდევდა და აღიარებაც ხელის გულზე ედო, თუმცა დედის ავადმყოფობამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. 

1928 წელი იდგა. პარიზიდან ახლად ჩამოსული ელენე ახვლედიანის ნახატები თელავსა და ქუთაისში გამოიფინა. სწორედ აქ ნახა ეს სილამაზე კოტე მარჯანიშვილმა. ერთ დღესაც მხატვარს მისწერა, თქვენთან მინდა შეხვედრაო. 

პარიზში, კოლაროსის სტუდიაში მომუშავე ხელოვანი სამშობლოდან გამუდმებით იღებდა ბარათებს, რომლებიც აქაურ ამბებს ატყობინებდა. ბევრ სხვასთან ერთად, ნიჭიერი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილის შესახებაც სწერდნენ, რომელიც მაყურებელს ბრწყინვალე სპექტაკლებით ანებივრებდა. 

რეჟისორის მიპატიჟება მხატვრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ფიქრობდა, ალბათ, ქუთაისურ გამოფენაზე სურს შთაბეჭდილებების გაზიარებაო, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ელენე ახვლედიანის მეგობარი, თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე, ამ შეხვედრის შესახებ თავის მონოგრაფიაში დაწვრილებით გვიამბობს: 

„როგორ ფიქრობთ, რისთვის მოგიხმეთ?“ - ჰკითხა რეჟისორმა. „ალბათ ,ჩემი გამოფენის შესახებ გსურთ მითხრათ რამე“, - დარცხვენით უპასუხა ახვლედიანმა. „დადგმა მინდა შემოგთავაზოთ!“ ელდანაკრავივით იდგა ელენე, სულ არ მოელოდა ამგვარ რამეს. „მე არ მიმუშავია თეატრში და ვერც შევძლებ“ ,- შეჰბედა. „ძალიანაც კარგად შეძლებთ, ამაზე თქვენი სურათები მეტყველებენ. თქვენს ფერწერაში იმდენია დეკორატიული, ყოველი სურათი ისეა შეკრული კომპოზიციურად, ისე გრძნობთ სივრცეს და ისეთი ადამიანური განწყობით ავსებთ ბუნებასა და არქიტექტურულ ნაგებობას, რომ უსათუოდ თეატრში უნდა იმუშაოთ!“ 

მხატვარი გაოგნებული იყო - თეატრზე არასოდეს უფიქრია. ხშირად სტუმრობდა, ოღონდ რიგით მაყურებლად. წლების წინ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ოპერის თეატრში დაჰყავდათ სტაჟიორებად. იქ ჰქონდა ნანახი, როგორ ქმნიდნენ დეკორაციებს. ეს იყო და ეს. კოტე მარჯანიშვილი ამ მხრივაც შეუდარებელი აღმოჩდა - ახალგაზრდა ხელოვანის შესაძლებლობები ზუსტად განჭვრიტა.

თეატრალური მხატვრობა განსხვავებული ჟანრია - ყველას არ შეუძლია ლიტერატურული ტექსტის სცენაზე გაცოცხლება. რეჟისორმა ნიჭიერი ადამიანისთვის დამახასიათებელი ალღოთი იგრძნო მისი ტალანტი. უარისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, მაშინვე სცენაზე აიყვანა, ჩანაფიქრი აუხსნა და პირველი დავალებაც მისცა - ახვლედიანს ვ. კირშონის "ლიანდაგი გუგუნებს" უნდა გაეფორმებინა. რეჟისორის თქმით, აუცილებლად სჭირდებოდა ალაყაფის კარი, როგორც ძირითადი აქცენტი, სხვა დანარჩენში თავისუფლება ეძლეოდა. მხატვარი პიესას ჩაუჯდა და ერთ კვირაში ესკიზები მზად ჰქონდა. საამქროს მუშებთან ერთად ნახატების გასცენურებაში თავადვე მონაწილეობდა. პრემიერა 1928 წელს გაიმართა. ასე დაიწყო მისი პირველი თეატრალური სეზონი, რომელიც დიდხანს გაგრძელდა და ფერწერაზე არანაკლებ წარმატებული გამოდგა.

სასცენო მოღვაწეობის განმავლობაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 72 სპექტაკლი გააფორმა. მხატვრის განხვავებული ხელწერა ყოველთვის იქცევდა ყურადღებას. მაყურებელი გულწრფელად გამოხატავდა კეთილგანწყობას. კიევში ლ. ვარპახოვსკის მიერ დადგმულ წარმოდგენაზე - "ხეები ზეზეულად კვდებიან", რომლის სცენოგრაფიაც ელენე ახვლედიანმა შექმნა, ფარდის გახსნას საოცარი რეაქცია მოჰყვა: რამდენიმე წუთის განმავლობაში აპლოდისმენტები არ წყდებოდა. ეს გახლდათ საუკეთესო მაგალითი - როგორ შეიძლებოდა სპექტაკლის დაწყებამდე დეკორაციით სპექტაკლის გადმოცემა.

დეკორაცია სპექტაკლისთვის "როგორ"

ელენე ახვლედიანის სცენოგრაფია თავიდანვე მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. საწყის ეტაპზე ჭარბობდა ერთგვარი კონსტრუქტივიზმი, განსაკუთრებით 1928-31 წლებში, კოტე მარჯანიშვილთან ერთად განხორციელებულ დადგმებში. სადა, ლაკონიური სასცენო სივრცე შავ-თეთრი აქცენტებითა და შუქ-ჩრდილთა დაპირისპირებით გრაფიკული ნამუშევრის ეფექტს ქმნიდა. ეს ტენდენცია ყველაზე კარგად გამოჩნდა კარლო კალაძის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში -"როგორ" (1929 წ). ჩემთვის მთავარია სცენაზე ეკრანის არსებობაო, - უთქვამს მხატვრისთვის მარჯანიშვილს და ისიც ამ გზავნილის ხორცშესხმას შესდგომია. ისევ ნათელა ურუშაძე მოვიხმოთ, რომელმაც ამ სპექტაკლზე მუშაობის პროცესი შემოგვინახა: 

„ეკრანი, მაშასადამე, თეთრი და შავი. რა უნდა ეთქვა ამ ორი ფერით, რომ ძუნწიც ყოფილიყო და მეტყველიც?! მერე განყენებულად ფიქრს შეუჩვეველმა ჩარჩოს თეთრი ტილო გადააკრა და კონკრეტული, საქმიანი ძიება დაიწყო: თუ ეკრანია, ჩრდილიც უნდა იყოს, მაგრამ როგორი? რისი გამომხატველი? ფიქრში წასულმა ეკრანი შანდალს მიაყრდნო. ამ დროს მოულოდნელად შუქი ჩაქრა. ელენემ სანთელს მოუკიდა, ხოლო რადგან სანთელსა და ეკრანს შორის საკმაო მანძილი იყო, ყველაფერი, რაც ასე უხვად ყრია ხოლმე მხატვრის სამუშაო მაგიდაზე, ტილოზე ჩრდილად აისახა. შემთხვევა აშკარად კარნახობდა ძიების შემდგომ გზას“ . ამას მოჰყვა ქაღალდისგან გამოჭრილი დეკორაციის კონტური, რომელიც სინათლის ოსტატური თამაშით ვიწრო შავ ფონზე წვრილი თეთრი ზოლებით იხატებოდა. ასე მიაგნო კინოხერხს დრამატულ თეატრში და სპექტაკლის სცენოგრაფია ამ ეფექტზე დააფუძნა. ბათუმის გასტროლებიდან დაბრუნებული კოტე მარჯანიშვილი ახვლედიანის ნამუშევრით ძალზე კმაყოფილი დარჩა. „ყოჩაღ!“ - უთხრა მოკლედ და ამით გამოხატა ნიჭიერი ხელოვანის მიმართ თავისი განწყობა. ეს ლაკონიური შეფასება ძალიან ბევრს ნიშნავდა. მხატვარი მიხვდა, რომ სწორ გზაზე იდგა. 

შავ-თეთრის კომბინაციისა და შუქ-ჩრდილებით თამაშის პარალელურად, ელენე ახვლედიანი ფერადოვან სამყაროსაც ქმნიდა. ამ მხრივ გამორჩეულია ი.ოლეშას "სამი ბღენძის" (1931 წ) გაფორმება. სპექტაკლის ესკიზები, სხვა დანარჩენების მსგავსად, მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმში ინახება და დღესაც აცოცხლებს წლების წინ სცენაზე მოწყობილი დღესასწაულის განცდას. განსაკუთრებით მომხიბლავია კოსტიუმები, რომლებიც ოსტატურად გადმოგვცემს პერსონაჟთა ხასიათებსა და განწყობას. 

ესკიზები სპექტაკლისთვის "სამი ბღენძი"
ესკიზები სპექტაკლისთვის "სამი ბღენძი"

თეატრის მხატვრობაში კოსტიუმს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ელენე ახვლედიანმა ამ მიმართულებითაც ბევრი საინტერესო ექსპერიმენტი განახორციელა. სხვათა შორის, ძალზე წაადგა პარიზში, კოლაროსის სტუდიაში მიღებული გამოცდილება - იმდროინდელი "ნიუს" სერიაზე მუშაობისას იმდენად გაიწაფა ადამიანის სხეულის აგებულებისა და მოძრაობის დეტალებში, ზუსტად ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა კონკრეტული მსახიობისთვის იდეალური კოსტუმის შექმნა. ამ მხრივ გამორჩეულია "რუი ბლაზი" (1941 წ) ვ. ჰიუგოს ნაწარმოების მიხედვით, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში ვასილ ყუშიტაშვილმა დადგა. სილამაზესთან ერთად, თითოეული მათგანი ზუსტად ერგებოდა პერსონაჟის ხასიათს და მსახიობის მოძრაობის მანერასაც კი განსაზღვრავდა. აი, რას იხსენებს სესილია თაყაიშვილი, რომელიც ამ სპექტაკლში ჰერცოგინია დ’ალბუკერკს თამაშობდა:

„ელენემ რომ ესკიზები მოიტანა, ჩემი გმირის კოსტიუმი ძალიან მომეწონა: მუქი მწვანე ხავერდის სამოსელი შავითა და ოქროსფრით იყო გაწყობილი. ავი სახე ჰქონდა ესკიზზე დახატულ ჰერცოგინიას, აღშფოთებული. ისეთი ცოცხალი იყო, მეგონა ესკიზიდან ძირს გადმოსვლა შეუძლია-მეთქი. ავღელდი, კოსტიუმის ჩაცმა მეჩქარებოდა, მაგრამ ჩავიცვი თუ არა, საშინელი უხერხულობა ვიგრძენი - მძიმე სამოსელმა შემბოჭა, თავისუფლად ვეღარ ვმოძრაობდი. ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი ელენეს. „ჯერ რეპეტიცია გაიარე და მერე ვილაპარაკოთ“ ,- წაიბურტყუნა და გამშორდა. გენერალურ რეპეტიციაზე მივხვდი, რაოდენ მართალი იყო - შემბოჭა სამოსელით, მაგრამ სწორედ ეს შებოჭვა იყო საჭირო, რომ იმ დროის ქალისთვის დამასახიათებელ მდგომარეობაში მეგრძნო თავი. მხატვარი დროის შესატყვის მოძრაობებს მკარნახობდა“ .

სერგო ზაქარიაძე, რომელიც ამავე სპექტაკლში მონაწილეობდა, იხსენებს, როგორ ნახა წლების შემდეგ უცხოური კინოფილმი "რუი ბლაზი". მთავარი გმირის შემსრულებელს ჩემი სამოსელისთვის თვალი რომ მოეკრა, უსათუოდ შეშურდებოდაო, - ამბობს ერთ-ერთ მოგონებაში. აი, ასეთი ჯადოქარი გვყავდა გასული საუკუნის 30-იანებში მარჯანიშვილის თეატრში. საბედნიეროდ, ელენე ახვლედიანი მარტო არ ყოფილა - მასთან ერთად სპექტაკლებს ისეთი ლეგენდები აფორმებდნენ, როგორებიც გახლდნენ პეტრე ოცხელი, დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი. მათზე სხვა დროს მოგიყვებით. 

ავტორი: ნანა კობაიძე